ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს დსთ-ში დაბრუნებაზე რუსეთთან მოლაპარაკებას

29 იანვარი, 2013 • 1989
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს დსთ-ში დაბრუნებაზე რუსეთთან მოლაპარაკებას

“მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ არანაირი კონტაქტი რუსულ მხარესთან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით არ არსებობს და არ მიმდინარეობს. ასე რომ, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი გაცხადებულია და ესაა ქართველი ხალხის არჩევანი – ევროატლანტიკური ინტეგრაცია”.

 

დღეს რუსეთის და საქართველოს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორის მიხეილ ევდოკიმოვის განცხადება, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნების შედეგად უნდა მოხდეს საქართველოს დსთ-ში დაბრუნება:

 

“საქართველო არავის არ გაურცხავს დსთ-დან, ეს თავად ამ სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო,” – განაცხადა ევდოკიმოვმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან უკვე დაწყებულია კონტაქტი ამ საკითხზე და მისი აზრით, არც ერთი ქვეყანა არ იქნება საქართველოს დსთ-ში დაბრუნების წინააღმდეგი.

 

აღნიშნული ინფორმაცია დღეს სააგენტოებმა “რია ნოვოსტიზე” დაყრდნობით გაავრცელეს, თუმცა თავად ამ საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე ასეთი ტიპის ინფორმაცია არ იძებნება.

 

საქართველო დსთ-ს წევრი 1993 წლის დეკემბერში გახდა. თანამეგობრობიდან გასვლის გადაწყვეტილება კი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში იქნა მიღებული. თანამეგობრობის დატოვების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტში განცხადება 2008 წლის 18 აგვისტოს შეიტანა, ხოლო 2009 წლის 18 აგვისტოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის პროცესი ოფიციალურად დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი