პრეზიდენტი: არასდროს, არც არავის შევეკვრები და არ ვივაჭრებ კონსტიტუციით

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს, ვინმეს შეეკრას და კონსტიტუციით ივაჭროს.

„გაჟღერდა გარკვეული ნოტები, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური კომპრომისია და 2018 წლიდან იქნება პრეზიდენტი არჩეული არაპირდაპირი გზით და არა 2023 წლიდან. რაღაც პოლიტიკურ კომპრომისებზე საუბრობენ, თითქოს ვინმე, რამე დიალოგში შედის საკონსტიტუციო კომისიასთან და მის მესვეურებთან.

ფოტო:პრეზიდენტის ადმინსიტრაცია

ფოტო:პრეზიდენტის ადმინსიტრაცია

არასდროს, კონკრეტულად მე, არც არავის შევეკვრები და არასოდეს ვივაჭრებ კონსტიტუციით; არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების, რაღაც ამბიციების შემკრები.

არასოდეს მივაჭრია ამ თემით და არც არასოდეს არავინ იფიქროს, რომ მევაჭროს ამ საკითხზე, რასაც ჰქვია ქვეყნის მთავარი დოკუმენტი.

ასევე, მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ საკითხზე გამოთქვამს საკუთარ პოზიციას – მე მესმის, რომ ყველა არის პოლიტიკოსი და ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ამ დოკუმენტზე ვაჭრობა, ამ დოკუმენტში რაღაც შიდა ინტერესების ჩადება უაღრესად არასწორია.

აქ ჩვენ ყველა მართლა გულწრფელები უნდა ვიყოთ და პასუხად ამ გზავნილებზე მინდა ვთქვა, რომ ნუ ირჯებიან ტყუილად – ჩემი ინტერესი არ არის ხალხის ზურგს უკან ვინმესთან გარიგება კონსტიტუციაზე!“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიამ კონსენსუსის გარეშე მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს, ძირითად ჩარჩო-კანონის პროექტს ხელი არ მოაწერა არც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ დატოვეს კომისია და დოკუმენტს მხოლოდ ერთი პარტია აწერს ხელს.

ეს განცხადება დღეს, 28 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

ახალგაზრდებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრისას, რომელსაც ადმინისტრაციის უროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებიან, საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან და შეკითხვა დაუსვან საქარველოს პრეზიდენტს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე გამოაქვეყნა საკონსტიტუციო კომისიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com