ახალი ამბები

100 მილიონი მთავრობის კომუნალური ხარჯებისთვის

27 იანვარი, 2013 •
100 მილიონი მთავრობის კომუნალური ხარჯებისთვის

ალექსანდრე რუსეცკი, ფოტო: რადიო თავისუფლება
ალექსანდრე რუსეცკი, ფოტო: რადიო თავისუფლება

ბატონო ალექსანდრე, საშუალოდ რა თანხას მოიხმარენ სამთავრობო დაწესებულებები კომუნალური გადასახედებისთვის ბიუჯეტიდან?

 

 

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სამთავრობო დაწესებულებები საქართველოში ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადებისათვის დაახლოებით 100 მილიონ ლარამდეს მოიხმარენ წელიწადში. ამ დანახარჯებში არ შედის მუნიციპალიტეტებში გაწეული დანახარჯები. ორი-სამი წლის წინ საერთოდ არ ჩანდა, სად რა იხარჯებოდა, ბოლო ორი წელია გახდა ეს ცნობილი. ჩვენ ვთხოვეთ ფინანსთა სამინისტროს, განესაზღვრათ ეს დანახარჯები რამდენი იყო, სწორედ ფინანსთა სამინისტრომ მოგვაწოდა ეს მონაცემები.

 

 

როგორ აპირებთ ამ დანახარჯების შემცირებას და დაახლოებით რამდენი პროცენტით?

 

 

შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც სამთავრობო ორგანნიზაციებში მომუშავე ექსპერტებით, ისე დამოუკიდებელი ექსპერტებით. ენერგეტიკის სამინისტრო განსაკუთრებულად აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, არსებობს სხვადასხვა მიდგომები და აუცილებელია შეჯერება და ერთიანი სტრატეგიის შექმნა.

 

რაც შეეხება პროცენტს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დონეზე მოხერხდება ამ პოლიტიკის გატარება. პირველ რიგში მუშავდება რეკომენდაციების პაკეტი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის. ყველაზე ელემენტარული, რაც შეიძლება გააკეთონ – გამოიყენონ ეკონომიური ნათურები, სწორად მართონ შენობის გაბოთბობის და ვენტელაციის პოლიტიკა.

 

მეორე ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ის საბიუჯეტო თანხები, რომელიც გამოყოფილია სახელმწიფო დაწესებულებების რემონტისათვის, იყოს გამოყენებული ენერგოდაზოგვის გათვალისწინებით.

 

მესამე ეტაპზე არის აუცილებელი, რომ მოხდეს ამ შენობების ენერგოაუდიტი და ყოველ დაწესებულებას ჰქონდეს განსაზღვრული სტრატეგია ამ მიმართულებით.

 

 

თანხის შემცირება ხომ  არ გამოიწვევს კომუნალური მომსახურების, შესაბამისად, სამუშაო პირობების გაუარესებას?

 

 

ამ ცვლილებებმა უნდა  გამოიწვიოს კომფორტის  გაუმჯობესება. არაა ნორმალური, როდესაც დამხმარე ფართებზე იხარჯება უამრავი ელექტროენერგია და სამუშაო ადგილები არაა სათანადოთ განათებული. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ გადავიდეთ ახალი დონის მართვაზე. აუცილებელია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში იყოს ჩატარებული ერგონომიული აუდიტიც. ამ საკითხთან დაკავშირებით დეპარტამენტი ასევე იწვევს დისკუსიაზე შესაბამის ექსპერტებს. კომფორტული პირობები სახელმწიფო მოხელეებისათვის არის ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ მოქალაქეების მომსახურების დონეც გაიზარდოს.

 

 

რა დრო დასჭირდება ხარჯების  სრულად შემცირებას და ახალ სისტემაზე  გადასვლას?

 

 

ეს არის პროცესი. როგორც მოგახსენეთ – ეტაპობრივი. არსებობს ეროვნული და საერთაშორისო რესურსი, რომელიც ამ მიმართულებით ჯერ არ არის გამოყენებული. ახალი მთავრობა ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენ მივუახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტებს.

 

 

არსებობს „ჭკვიანი სახლის“ ცნება.  ეს არის ისეთი შენობა, რომელიც არის არა მხოლოდ ელექტროენერგიის მომხმარებელი, არამედ ენერგიის მწარმოებელიც. უფრო მეტიც – ზოგიერთი ტექნოლოგიის გამოყენებით შენობა ხდება ენერგიის დონორიც. გასათვალისწინებელია გერმანული გამოცდილება. გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში ეს საკითხი ძალიან მაღალ დონეზეა დაყენებული. ჩვენ უფრო კარგად უნდა ვიცნობდეთ საერთაშორისო გამოცდილებას.

 

როგორც მოქალაქისთვის, ჩემთვის იქნება სასიამოვნო, რომ ქვეყანა იმართებოდეს „ჭკვიანი შენობებიდან“. ეს ჩვენი ღირსების საკითხია, ზოგიერთ სახელმწიფო დაწესებულებაში იმდენად კატასტროფული მდგომარეობაა ენერგოდაზოგვის თვალსაზრისით.

მასალების გადაბეჭდვის წესი