ახალი ამბები

ადვოკატი: ანგარება დაადასტურეს და ის ვერ მოიკვლიეს, სად და ვისგან იყიდა ციანიდი

27 აპრილი, 2017 • 1995
ადვოკატი: ანგარება დაადასტურეს და ის ვერ მოიკვლიეს, სად და ვისგან იყიდა ციანიდი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, სრულიად არადამაჯერებელია ის არგუმენტაცია, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურატურა მამალაძის ანგარებით მოტივირებული დანაშაულის დასამტკიცებლად იყენებს.

დღეს მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმის გამოძიების დასრულების შესახებ განაცხადა. ბრალი მას იფიციალურად ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის წარედგინა და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა.

“ზუსტად ეს არის იმდენად არადამაჯერებელი! ანგარება დაადასტურეს და ის ვერ მოიკვლიეს, სად და ვისგან შეიძინა ბრალდებულმა ციანიდი? როგორი აბსურდია ეს… რომელ ანგარებაზეა საუბარი?,” – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

მისი თქმით, გიორგი მამალაძეს ანგარების მოტივაცია თავიდანვე ჰქონდა სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი. ახლა, უბრალოდ, მოხდა მუხლის დაზუსტება. ადვოკატის თქმით, უცვლელია მათი პოზიცია.

პროკურატურის განცხადებით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქმე ეხება ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით – განზრახ მკვლელობის მომზადებას, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით. მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. წინასასამართლოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება 5 მაისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი