ახალი ამბები

უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტის ინიცირებისთვის დეპუტატების ხელმოწერებს აგროვებს

27 აპრილი, 2017 • 1435
უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტის ინიცირებისთვის დეპუტატების ხელმოწერებს აგროვებს

საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტის ინიცირებისთვის დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა განუცხადა.

მარიამ ჯაშის თქმით, ინიცირების შემდეგ, 5 მაისიდან 15 მაისამდე, პროექტის სახალხო განხილვა გაიმართება:

“პარლამენტის თავმჯდომარე ყველა რეგიონში პირადად შეხვდება მოსახლეობას. ვენეციის კომისიის და სახალხო განხილვების შედეგად მიღებულ რეკომენდაციებს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ საბოლოო რედაქციაში”,- განაცხადა ჯაშმა.

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა, სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი