სესიაშვილის განმარტება, როგორ აღმოჩნდა მისი შვილის ანაბეჭდები მოპარულ მანქანაში

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მანქანის გაქურვის ადგილზე მისი შვილის, დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს, რადგან ატომობილი მისი ახლო მეგობრისაა. სესიაშვილის ამბობს, რომ მანქანაში არის დავით სესიაშვილის ანაბეჭდები, რადგან ისინი ერთმანეთს ხშირად ხდებოდნენ.

დღეს, 27 აპრილს, ირაკლი სესიაშვილმა პროკურატურას განცხადებით მიმართა, რათა გამოიძიონ ეს საქმე და საზოგადოებაში კითხვები აღარ დარჩეს. ასევე მოითხოვს სამართლებრივ რეაგირებას ცრუ დასმენის ფაქტზე. მისი განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” იცრუა და ეს უბრალოდ პოლიტიკური ცილისწამებაა.

“საქმე ეხება 2015 წლის მარტში ჩადენილ მანქანის ქურდობას, მანქანის გატეხვას. ეს მანქანა ეკუთვნის ჩემი შვილის უახლოეს მეგობარს. ისევე როგორც მისი მშობლები, არიან ჩემი ბავშვობის მეგობრები და, ცხადია, ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდათ უეთიერთობა. და ამ მანქანაზე აღმოჩენილია რამდენიმე ადამიანის თითის ანაბეჭდი, მათ შორის ჩემი შვილის, და თავისთავად ცხადია, ეჭვი არ შეეპარება საღად მოაზროვნე საზოგადოებას, რომ ეს ბუნებრივია.

ნაციონალურ მოძრაობას შეეშინდა და მე პირადად ვერ გამიბედეს, ამიტომ გადაწვდნენ ჩემს შვილს, ჩემს ოჯახს. თავისთავად ცხადია, მათ მოეთხოვებათ პასუხი ამ ცილისწამებაზე,” – აცხადებს სესიაშვილი

“სიმართლე არის ირაკლი სესიაშვილის მხარეს,” – ახადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე:

“სულ მალე ნაციონალურ მოძრაობას ბოდიშის მოხდა მოუწევს ამ უტიფარი ცილისწამებისთვის. მთელი გუნდი ვართ ირაკლის გვერდით და ბოლომდე ვიბრძოლებთ მისი სიმართლის გამო,” – ამბობს თალაკვაძე.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ტალახიანი ხელებით აგრძელებს პოლიტიკის კეთებას:

“მათ ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოში აღარ მუშაობს. პოლიტიკაშიც არსებობს ღირსება და თამაშის წესები, რომელიც მათ უნდა დაიცვან,”- აღნიშნავს თალაკვაძე.

გუშინ, 26 აპრილს, პარტიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შვილი დავით სესიაშვილი დაასაქმეს და მის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტი დამალეს. სუს-ში სესიაშვილის სამსახურში აყვანის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა რაიმე სახის კანონდარღვევას უარყოფენ.

როგორც პარტიაში აცხადებენ, შსს-მ დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები თბილისში მომხდარი ქურდობის ადგილიდან ამოიღო. პარტიის ინფორმაციით, სუს-ში მუშაობის დაწყებამდე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ ანაბეჭდები ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდების იდენტურია. მათივე მტკიცებით, ფაქტის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელებმა იცოდნენ და ქურდობის შესახებ ინფორმაცია მთავარი პროკურორის მითითებით დამალეს. ენმ სამართალდამცავი სტრუქტურებისაგან ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვს.

სუს-ში კი აცხადებენ, რომ სესიაშვილი სამსახურში კანონის დაცვით მიიღეს და მის მიერ ჩადენილი რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა. სუს-ში არ ამბობენ, გაასაჯაროებენ თუ არა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას.

“დავით სესიაშვილი მუშაობს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში. მას 14 მარტს გაუფორმდა 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება. სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა. შესწავლის შედეგად, მის მიერ ჩადენილი რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა და აღნიშნული პირი აყვანილი იქნა სამსახურში,” – აცხადებენ სუს-ში.

ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გენერალურ პროკურორსაც სთხოვს განმარტებას და გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გასაჯაროებას მოითხოვს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათ საქმესთან დაკავშირებით ანარაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ, რადგან მას შსს იძიებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი