ახალი ამბები

ილია მეორემ პუტინს ივანიშვილის მოკითხვა გადასცა

23 იანვარი, 2013 • • 1211
ილია მეორემ პუტინს ივანიშვილის მოკითხვა გადასცა

პატრიარქისა და პუტინის შეხვედრისა და საუბრის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ილია მეორეს მიულოცა 80 წლის იუბილე და აღსაყდრებიდან 35 წელი, ასევე, რუსეთის საპატრიარქოდან მიღებული ჯილდო.

“განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო იმისთვის, რომ თქვენ ასეთ რთულ ვითარებაში, ვგულისხმობ საქართველო რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობას, აკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია გაკეთდეს ჰუმანიტარული, სულიერი და კულტურული კონტაქტების მხარდასაჭერად ჩვენს მოძმე ერებს შორის”, – მიმართა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს კათალიკოს პატრიარქს.

 

საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე რუსეთში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის მიწვევით რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. პატრიარქი მოსკოვში უმაღლესი რანგის საერო და სასულიერო პირებს შეხვდა.  “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის განმტკიცებაში გამორჩეული წვლილისა და საზოგადოების ცხოვრებაში ქრისტიანული ღირებულებების დამკვიდრებისა და განვითარებისთვის” რუსეთის პატრიარქმა კირილმა მას ჯილდო გადასცა. ილია მეორე საქართველოში 26 იანვარს დაბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი