ახალი ამბები

ირაკლი ჩხვირკია ბათუმში არეულობის ორგანიზებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს

24 აპრილი, 2017 • 2783
ირაკლი ჩხვირკია ბათუმში არეულობის ორგანიზებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს

ბათუმში 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიასთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ და მისი დამცველებისთვის უცნობია, რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნიეს იგი არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულად.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი ირაკლი ჩხვირკია პოლიციამ 24 აპრილს დააკავა. მას ბრალად ედება არეულობის ორგანიზება (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი) და დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“ბრალი არ წაუყენებიათ და, შესაბამისად, არ გადმოუციათ მასალები. შემიძლია ირაკლის პოზიცია გითხრათ, რომ ყოვლად შეუძლებელია, რაიმე სახის მტკიცეულებები არსებობდეს იმიტომ, რომ მან ტელევიზიით გაიგო საერთოდ ამ ამბების შესახებ და როდესაც იგი ჩავიდა შემთხვევის ადგილზე, თითქმის უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. ამ ადამიანს ედავებიან ისეთი რამის ორგანიზებას, რისი არსებობაც გაიგო ტელევიზიით,”- ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ონიანი.

პარტია ირაკლი ჩხვირკიას გაემიჯნა იმ განცხადებების შემდეგ, რაც მან ბათუმში აქციის მონაწილეებთან ერთად გააკეთა. კერძოდ, ირაკლი ჩხვირკიამ აქციის მონაწილეებთან ერთად სამი მოთხოვნა დააყენა:

“ამ ადამიანებს აქვთ სამი კონკრეტული მოთხოვნა: პირველ რიგში, დაუყოვნებლივ, მყისიერად გადადგეს ეს პოლიციის უფროსი, რომელმაც მიაყენა ამხელა შეურაცხყოფა აჭარელ ხალხს და სრულიად საქართველოს. მეორე, აუცილებლად მოიხადოს ამ პიროვნებამ ბოდიში აჭარელი ხალხის წინაშე სატელევიზიო ეთერით. მესამე, ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ახლა იმყოფება აჭარაში და ჩვენ ვითხოვთ მასთან შეხვედრას და მისგან სიტყვიერ გარანტიას საჯაროდ, ეთერების მეშვეობით, რომ დღევანდელ აქციაში მონაწილე არც ერთ ამ ადამიანს ხვალ, ზეგ, მაზეგ, არ დაუწყებს პოლიცია დევნას, სახლებში შევარდნას, ნარკოტიკების ჩადებას და ასე შემდეგ, რომ ეს ადამიანები იქნებიან ხელშეუხებლები,”- განაცხადა მან.

“ენმ ყველანაირად მხარს დაუჭერს ირაკლი ჩხვირკიას,”-აცხადებს ნაციონალური მოძრაობა დღეს, 24 აპრილს.

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან ცინიზმი და დანაშაულია ჩხვირკიას დაკავება:

“მისი მთავარი პროლემა მაშინ იყო ის, რომ არასწორ ადგილას არასწორი განცხადება გააკეთა პარტიასთან შეთანხმების გარეშე და იმიტომ არ არის დღეს პარტიის  წევრი. მაგრამ ნაციონალური მოძრაობა მას აღმოუჩენს ყოვლმხრივ დახმარებას, ეს იქნება სამართლებრივი თუ პოლიტიკური, იმიტომ, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის ტყვე… რა მტკიცებულებები არსებობს, რომ ირაკლი ჩხვირკია არის ორგანიზატორი? ვანდალებმა გადაწვეს ბათუმი, მანქანები, ის ადამიანები არ დაუკავებიათ და ადამიანი, რომელიც უბრალოდ, მისი ახალგაზრდული ემოციური დამოკიდებულებით იმ მოვლენებთან დაკავშირებით არასწორი განცხადება გააკეთა, ამის გამო უნდათ, რომ ეს ადამიანი გამოიყვანონ ორგანიზატორად?”- ამბობს ნიკა მელია ნეტგაზეთთან საუბრისას.

ბათუმის მოვლენების დასრულების შემდეგ ირაკლი ჩხვირკიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განმარტა, რომ თბილისიდან ღამით გამოემგზავრა და დაახლოებით 5-ის ნახევარზე მივიდა აქციაზე:

“ძალიან სპონტანურად აღმოვჩნდი ამ ხალხის ყურადღების ცენტრში… მივხვდი, რომ მქონდა საშუალება, რომ გამეჩერებინა ეს ყველაფერი, დროებით მაინც შემეჩერებინა, რომ აქციას მიეღო კონსტრუქციული სახე, იმიტომ, რომ აქციის კონსტრუქციულ და პატიოსან მონაწილეებს, რომლებიც ძალადობას არ მიმართავდნენ, ჰქონდათ აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნები. ჩემი პირით გაჟღერდა ეს მოთხოვნები, მაგრამ ეს იყო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები,”- განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ 12 მარტს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

ირაკლი ჩხვირკიას გარდა, გუშინ დააკავეს  მერაბ ღოღობერიძეც.

დღეს შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ორივე ბრალდებულთან დაკავშირებით სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ ხვალ, 25 აპრილს იმსჯელებს.

ბრალდებულებს უკვე შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ციალა ქათამაძე. როგორც მან ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, ორივე დაკავებული ამბობს, რომ სამართალდამცავების მხრიდან მათ მიმარ ძალის გადამეტება, ცემა ან სხვა პროცესუალური დარღვევა არ ყოფილა.

ორივე დაკავებული ბათუმში, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.


აქცია ბათუმში 11 მარტს დაიწყო. აქციის მიზეზად მონაწილეები ასახელებდნენ ინცინდენტს საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის. პატრულმა მოქალაქე ჯერ არასწორი პარკირებისთვის დააჯარიმა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავა. დააკავეს მოქალაქის თანმხლები პირიც. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამან გამოიწვია სპონტანური აქცია ადგილზე, რომელიც მოკლე ხანში ხალხმრავალი გახდა.

აქცია პოლიციის შენობასთან მალევე გახდა აგრესიული, მონაწილეებმა დაიწყეს ქვების სროლა პოლიციელების მიმართულებით, დაამტვრიეს და დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და სამოქალაქო პირების მანქანებს, დაამტვრიეს შუქნიშნები. ისმობდა შეურაცხმყოფელი შეძახილები საპატრულო პოლიციის უფროსის მისამართით, სკანდირებდნენ: „აჭარა“, „ბათუმი“, „გორელს რა“ და ა.შ.

აქციაზე დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, პოლიციელები და აქციის მონაწილეები.  დაშავდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც ქვა მოარტყეს.

ქართულმა ოცნებამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც არეულობის ორგანიზებაში “ნაციონალური მოძრაობის” რადიკალი ლიდერები დაადანაშაულა.

“როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოს მტრები და ნაციონალური მოძრაობის რადიკალურად განწყობილი ლიდერები არეულობის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში, ეს აღარასდროს მოხდება,”-  განაცხადა 12 მარტს მმართველმა გუნდმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი