ახალი ამბები

“ქართული ოცნება”: პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ჩართული იყო ბათუმში მომხდარ ძალადობაში

12 მარტი, 2017 • 3514
“ქართული ოცნება”: პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ჩართული იყო ბათუმში მომხდარ ძალადობაში

მმართველი პარტია, ქართული ოცნება აქვეყნებს განცხადებას, სადაც ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ქართული ოცნებსი განცხადებით უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც პოლიტიკური მიზნებისთვის სცადა გამოეყენებინა, ორგანიზება გაუწია ან ხელი შეუწყო მიმდინარე მოვლენებს.

“ვგმობთ 11 და 12 მარტს ბათუმში მომხდარ ვანდალურ ქმედებებს, რომლითაც აქციის მონაწილე აგრესიულმა ჯგუფებმა დაზიანება მიაყენეს მშვიდობიან მოქალაქეებს, პოლიციელებს, ასევე სახელმწიფო და კერძო საკუთრებას.

მთავრობა არსებულ ვითარებას მიუდგა მაღალი პასუხისმგებლობით, თავიდან აიცილა ვითარების გამწვავება და გამოიყენა პროპორციული ზომა, რის შედეგადაც ბათუმში, პოლიციამ რამდენიმე საათში აღკვეთა ძალადობა და აღადგინა საზოგადოებრივი წესრიგი.

მოძალადეთა ჯგუფი დაკავებულია. სამართალდამცავები აგრძელებენ მუშაობას და კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ ძალადობაში. ასევე, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც პოლიტიკური მიზნებისთვის სცადა გამოეყენებინა, ორგანიზება გაუწია ან ხელი შეუწყო მიმდინარე მოვლენებს.

როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოს მტრები და ნაციონალური მოძრაობის რადიკალურად განწყობილი ლიდერები არეულობის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში, ეს აღარასდროს მოხდება,”- აცხადებს ქართული ოცნება.

პარტიის განცხადებითვე, ქალაქი მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას და დაზარალებულები მიიღებენ სათანადო მხარდაჭერას ხელისუფლებისგან.

ბათუმში 11 მარტს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბათუმი პლაზას მიმდებარედ პატრულმა ადმინისტრაციული წესით მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამას მოჰყვა ასობით ადამიანის პროტესტი. მათ დაწვეს პოლიციის მანქანები, გაანადგურეს ირგვლივ ქალაქის ინფრასტრუქტურა. დემონსტრანტები 12 მარტს დილის 6 საათიდან დაიშალნენ, რის შემდეგაც პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმებმა დაიწყეს მოქმედება და დარჩენილი ადამიანების დაკავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსსამსახურის ცნობით, გამთენიისას ბათუმში აქციის 40-მდე მონაწილე დააკავეს.

 

ბათუმში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი