“ჩვენ გვქონდა საუბარი პრემიერთან ორი დღის წინ და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის სტრუქტურა, თავდაცვის მიმართულება, რომ მე მომეხსნას სხვა დამატებითი ფუნქციები და ეს ეხება ვიცე–პრემიერის პოზიციას. ბუნებრივია, ამას მეც მივესალმები და მისაღებია. აქედან გამომდინარე, მე არ მინდა ვინმემ არასწორი დასკვნები გააკეთოს და რაიმე ინსინუაციები. ეს იყო შიდა საუბარი მთავრობაში, ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც ყველასთვის მისაღებია, ჩემი აზრით. პირველ რიგში მისაღებია ჩემთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ მთლიანად კონცენტრირებული ვიყო თავდაცვის რეფორმაზე, აღმშენებლობაზე”–განაცხადა ალასანიამ. 

 

მისივე განცხადებით, ყველა კითხვები მოხსნილია და არანაირი გაუგებრობა არ არსებობს. 

 

შეგახსენებთ, რომ  ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერის თანამდებობას აღარ იკავებს. შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოსცა.

 

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წევრს ირაკლი ალასანიას შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის #24 ბრძანებაში.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს ბრძანება 21 იანვარს გამოიცა და ამაზე განმარტებებს ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებისთვის დღეს დავოსში გააკეთებს, სადაც  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.

 

საქართველოში მთავრობის ცვლილების შემდეგ ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა და, ამავდროულად, ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა. ვიცე-პრემიერის თანამდებობა დაიკავა ასვე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

 

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, ვიცე-პრემიერი (ვიცე-პრემიერები) აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დადგენილ სახელმწიფო მმართველობის განსაზღვრულ სფეროში. ვიცე-პრემიერების რაოდენობას საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი. ასევე, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში პირველი ვიცე-პრემიერი ასრულებს, თუმცა პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილს არავინ დაუნიშნავს.

 

ირაკლი ალასანიას შემცვლელს ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, როგორც პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ წარადგენს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *