ახალი ამბები

ალასანია ვიცე-პრემიერი აღარაა

23 იანვარი, 2013 •
ალასანია ვიცე-პრემიერი აღარაა

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წევრს ირაკლი ალასანიას შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის #24 ბრძანებაში.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს ბრძანება 21 იანვარს გამოიცა და ამაზე განმარტებებს ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებისთვის დღეს დავოსში გააკეთებს, სადაც  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.

 

პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ალასანიას საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია, როგორც თავდაცვის მინისტრს და ამდენად, გართულდებოდა მისთვის დამატებით ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში გამორიცხავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ირაკლი ალასანიას გუშინდელ განცხადებას პირველის არხის გადაცემა “აქცენტებში”, სადაც მან განაცხადა, რომ მძიმე და უხერხული საუბარი ჰქონდა პრემიერთან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

 

საქართველოში მთავრობის ცვლილების შემდეგ ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა და, ამავდროულად, ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა. ვიცე-პრემიერის თანამდებობა დაიკავა ასვე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

 


საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, ვიცე-პრემიერი (ვიცე-პრემიერები) აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დადგენილ სახელმწიფო მმართველობის განსაზღვრულ სფეროში. ვიცე-პრემიერების რაოდენობას საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი. ასევე, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში პირველი ვიცე-პრემიერი ასრულებს, თუმცა პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილს არავინ დაუნიშნავს.

 

ირაკლი ალასანიას შემცვლელს ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, როგორც პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ წარადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი