“ის, რომ ჩემი შეხედულებები თანხვედრაში არ არის საგარეო პოლიტიკურ კურსთან, გარკვეულწილად, გაგიკვირდებათ და ჩემგან არ თქმულა პირველად და მითხრა პრემიერ–მინისტრმა თათბირზე, როცა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ. თათბირზე იყო სერიოზული კამათიც და შეფასება გაკეთდა ისეთი: ის მიდგომები, რომელიც მე გავაჟღერე, თანხვედრაში არ მოდის მის პოლიტიკურ კურსთან. საინტერესოა, რომ საკმაოდ ტრადიციული და სამინისტროში შეჯერებული მიდგომები იქნა გაჟღერებული. როცა მე პრემიერ–მინისტრი მეუბნება, რომ ის იდეები, რომელსაც მე ვაჟღერებ, არ მოდის თანხვედრაში მის პოლიტიკურ კურსთან, რა უფლება მაქვს, რომ არ დავუჯერო?!” – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
ნიკოლოზ ვაშაკიძეს კონკრეტულად მიდგომებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ სომხეთში, პრემიერ–მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები სერიოზულ კითხვებს ბადებს:
“სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა სომხეთში გაკეთებულმა განცხადებამ, საუბარია იმაზე, რომ ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი, მიჩნდება მართლა სერიოზული კითხვები. კითხვაზე ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით პასუხი, რომ უახლოეს მომავალში ეს პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება. ეს “უხლოეს მომავალში” სერიოზულ კითხვებს ბადებს, ანუ დაშვებულია რომ ეს კურსი შეიცვალოს. პრემიერ–მინიტრმა ამას მიაყოლა, რომ ცხოვრება წინ მიდის, პოზიციები იცვლება. ევროატლანტიკური ინტეგრაცია საბოლოოდ ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს, ეს მუდმივი პროცესია და როდესაც ამ თემაზე ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში არ შეიცვლება და შემდეგ შეიძლება შეიცვალოს, დამეთანხმებით, რომ აქ სერიოზული კითხვა შეიძლება გაჩნდეს”.
გარდა ამისა, ვაშაკიძემ ხაზი გაუსვა იმ შეფასებას, რომელიც პრემიერ მინისტრმა სომხეთის საგარეო კურსის შეფასებისას გააკეთა:
“მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გაჟღერდა, გახლავთ ის, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა არის მისაბაძი საქართველოსთვის და კეთილი შურით გვშურს. მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, რთულ პირობებში და გარკვეულ სპეციფიკაში ჩამოყალიბდა ის საგარეო კურსი, რომელიც სომხეთს აქვს. გარკვეულწილად იქ იძულებითი მომენტებიცაა, სიტუაციიდან გამომდინარე. ბევრი რამ იძულებით კეთდება მათთვის, სამწუხაროდ. სომხეთში განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზა, ინფრასტურტურა თავისი კომუნიკაციებით რუსეთის ხელშია. და სომხეთის საზღვრებს რუსეთის სასაზღვრო ჯარი იცავს. თუ ის არის მისაბაძი და სანატრებელი, არჩევანი საეჭვოა”,– განაცადა ვაშაკიძემ.
ვაშაკიძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთოს სომხეთში გაკეთებულ განცხადებებზე. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ეჭვი უჩნდება, თუ რამდენად ჰარმონიულია საგარეო პოლიტიკური კურსის განცდა თავად კოალიციაში.
“ასეთ ბუნდოვან პირობებში ძალიან რთულია იმ თანამდებობაზე მუშაობა, რომელიც მე მეკავა,”– განაცხადა ვაშაკიძემ.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, გუშინ 22 იანვარს დატოვა. მინისტრი მოადგილის თანამდებობას იგი 2007 წლიდან იკავებდა.