საარჩევნო სისტემის ორი ალტერნატიული მოდელი – NGO-ების საკონსტიტუციო კომისიას მიმართავენ

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომიისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლებას კონსტიტუციის გადახედვის პროექტიში საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელი ცვლილების საკუთარ ვარიანტს სთავაზობენ. შეთავაზება ორი ვარიანტისგან შედგება და ორივე მათგანი, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის 5-დან 3%-მდე შემცირებას ითვალისწინებს.

არასამთავრობოების მიერ შემუშავებული პირველი ვერსია ითვალისწინებს ბარიერის 3%-მდე დაწევას, ხოლო მანდატების პროპორციულად განაწილებას ყველა იმ პარტიისთვის, რომელიც 3%-იან ბარიერს გადალახავს, გამარჯვებული პარტიისთვის მცირედი უპირატესობის მინიჭებით.

მეორე მოდელი კი 3%-მდე დაწეულ ბარიერთან ერთად ითვალისწინებს გაუნაწილებელი მანდატებიდან არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის იმდენი რაოდენობის მიკუთვნებას, რამდენიც მას სჭირდება საკუთარი შემადგენლობის 80 დეპუტატამდე შესავსებად, რათა დააკომპლექტოს მთავრობა. დარჩენილი მანდატები კი განაწილდება სხვა პარტიებს შორის.

“ჩვენ განვიზრახეთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სხვა ალტერნატივა შევთავაზოთ საკონსტიტუციო კომისიას. შემოთავაზებული ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურია იმ ნაწილში, რომ უქმდება მაჟორიტარული სისტემა და გადადის პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. ამდენად, კომისიის წევრების დიდმა ნაწილმა, გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გადავწყვიტეთ ამ საკითხზე ვკონსოლიდირდეთ” – ამბობს ვახუშტი მენაბდე.

საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროეტქის მიხედვით, რომელსაც არასამთავრობოები მხარს არ უჭერენ, პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. გაუნაწილებელ მანდატებს კი არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია მიიღებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ამ ეტაპზე არის კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში, მისაღები მხოლოდ მმართველი ძალისთვისაა, ყველა დანარჩენი სუბიექტი კი, ნაცვლიშვილის თქმით, ამბობს, რომ ცვლილება მიუღებელია:

“შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ არ შეიძლება კონსტიტუციის ფუნდამენტალური საკითხები მისაღები იყოს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალისთვის. ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ ორ ალტერნატივას და ძალიან რთული იქნება მისი მხრიდან იმის დასაბუთება, რომ ამ ორი ალტერნატივიდან არც ერთი არ გაიზიაროს” – ამბობს ნაცვლიშვილი.

ინიციატივის ავტორები მოუწოდებენ კომიისიაში შემავალ ოპოზიციურ პარტიებს, ბოიკოტის მიუხედავად, მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება და ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა:

“ჩვენ მოვუწოდებთ კომისიის ყველა წევრს, იქნება ეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თუ სხვები – დღეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ სერიოზული შეჯიბრი გიამართოს ორ მოსაზრებას შორის. მათ შორის, არის შნსი იმისა, რომ უფრო პროგრესულმა და რაციონალურმა აზრმა გაიმარჯვოს. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ და მოვუწოდებთ, მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა და დააფიქსირონ ის პოზიცია, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომ შემოთავაზებული მოდელი არის უსამართლო” – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრაზე მათი შეთავაზება ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოაგროვებს, აღნიშნულ მოდელს ვენეციის კომისიასაც გაუგზავნიან და საჭიროების შემთხვევაში მათთან შეხვედრებსაც გამართავენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.