ახალი ამბები

პარლამენტი ქუთაისში – მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არგუმენტები

22 იანვარი, 2013 •
პარლამენტი ქუთაისში – მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არგუმენტები

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუცია საერთოდ არ უნდა განსაზღვრავდეს პარლამენტის

სერგო რატიანი
სერგო რატიანი

ადგილსამყოფელს. მათი მოსაზრებით, პარლამენტის ადგილმდებარეობა პარლამენტის რეგლამენტით უნდა განისაზღვროს.

გარდა ამისა, პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე საუბრობს პრობლემებზე, რაც, მისი აზრით, პარლამენტის ქუთაისში ყოფნა ქმნის.


“საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, რომ ჩვენ ამდენი ხარჯი გავწიოთ მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების აქეთ–იქით სიარულში. ცოტა ხნის წინ იყო ასეთი შემთხვევა, როცა უმცირესობა ითხოვდა მაია ფანჯიკიძის ჩასვლას ქუთაისში, პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი რომ ყოფილიყო თბილისში, ფანჯიკიძე მოახერხებდა, 1 საათი გამოეყო და მოსულიყო პარლამენტში. ძალიან რთულია, მინისტრმა 1 საათი დახარჯოს გზაში. ამის ფუფუნება არც ჩვენს მთავრობას არა აქვს. მაშინ მთავრობაც უნდა გადავიდეს ქუთაისში, ყველა სამინისტრო ქუთაისში უნდა იყოს, პოლიტიკური ცენტრი უნდა გადავიდეს ქუთაისში. რადგანაც პოლიტიკური ცენტრი თბილისშია და ყველა სამინისტრო ოპერირებს თბილისში, ძალიან რთულია ასეთი დისტანციის რეჟიმში მუშაობა”, – განუცხადა მანანა კობახიძემ “ნეტგაზეთს”.

პარლამენტის ვიცე–სპიკერი არ ეთანხმება ოპონენტების მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ქუთაისში დატოვება ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. მისივე თქმით, ეს აბსურდული მოსაზრებაა, რომელიც ლოგიკას არ ექვემდებარება: “მაგ ლოგიკით პარლამენტი უნდა იყოს ზუგდიდშიც, უნდა იყოს თელავშიც, სიღნაღშიც და ყველგან. შეგვიძლია ბორბლებზე შევსვათ პარლამენტი, ერთი წელი ერთგან იყოს, მეორე წელი- მეორეგან. ეს არის აბსურდი, რაზეც საუბრობს უმცირესობა. მთავარია, რომ რეგიონი განვითარდეს იმ რეგიონის საჭიროების შესაბამისად”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური პარლამენტსა და მთავრობას შორის არსებული რამდენიმე ასეული კილომეტრით გამოწვეულ დისკომფორტზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ამით ხელისუფლების ორივე შტოს მუშაობის ეფექტურობა მცირდება.

“პარლამენტის ერთ–ერთი მთავარი ფუნქცია კონსტიტუციის მიხედვით არის მთავრობის და საბიუჯეტო კონტროლი. ამ კონტროლის განხორციელებას და თანამშრომლობას მთავრობასთან სჭირდება ძალიან ხშირი ურთიერთობა და პრაქტიკულად, საქართველოს მთავრობაც და პარლამენტიც არიან დროის კარგვის რეჟიმში, როდესაც ამდენი კილომეტრით სიშორის გამო მუდმივად არიან გზაში. ჩვენ ამის ფუფუნების უფლება არ გვაქვს, რომ მთავრობისა და პარლამენტის წევრები მუდმივად ისხდნენ ავტომობილებში და კარგავდნენ დროს. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის ერთ–ერთი მთავარი ფუნქცია დიპლომატიური მიმართულებით საქმიანობაა. დღეს პარლამენტის მუშაობა ამ თვალსაზრისით არ არის საკმარისი, რადგან ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფისი თბილისშია და, შესაბამისად, მათთან ძნელდება კომუნიკაცია, რაც არის სერიოზული შემაფერხებელი პარლამენტის საქმიანობისა. იგივეს ვიტყოდი პრესასთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც. თქვენ შეგიძლიათ კითხოთ თქვენს კოლეგებს, რამდენად არის გართულებული სხვადასხვა საკითხების გაშუქება მედიაში. არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობისთვისაც ეს სერიოზულად შემაფერხებელია”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

მისივე მოსაზრებით, წყალტუბოში დეპუტატთა სახლების მშენებლობისა და ერთი სასტურმოს მშენებლობის შეჩერება ეკონომიკური განვითარების შეჩერებას არ ნიშნავს. ზვიად ძიძგურის აზრით, რეგიონს განვითარებისთვის საინვესტიციო პროექტების მოზიდვა სჭირდება და არა – პარლამენტის ქუთაისში გადატანა.

საქართველოს საპარლამენტო უმცირესობაში, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს, აცხადებს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას. ისინი მიიჩნევენ, რომ პარლამენტი ქუთაისში დასავლეთ საქართველოს განვითარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

“მე არ ვამბობს, რომ ეს არის რეგიონის განვითარების საუკეთესო გზა. თქვენ სხვა ალტერნატივა, სხვა გზა ვერ შემოგვთავაზეთ,

მანანა კობახიძე
მანანა კობახიძე

გარდა იმისა, რომ ქუთაისი საპორტო ქალაქი გახდება”, – ასე უპასუხა პარლამენტარმა აკაკი ბობოხიძემ თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” სერგო რატიანმა “ნეტგაზეთთან” იმ არგუმენტებზე დეტალურად ისაუბრა, თუ რატომ უნდა დარჩეს პარლამენტი ქუთაისში. მისი თქმით, ქუთაისში პარლამენტის დატოვებით ქუთაისი განვითარდება ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურულად და პოლიტიკურადაც, ხოლო ეს თუ არ მოხდა, “მოხდება წარსულში დაბრუნება, როდესაც ერთი ქალაქი დომინირებდა. თბილისი მოწყობილი იყო მოსკოვის ხატად და დარად, როცა არსებობს ერთი ქალაქი და არ არსებობს პოლიტიკური სივრცე სხვა ქალაქებში”.

კითხვაზე, კონკრეტულად რაში გამოიხატება განვითარება, სერგო რატიანი პასუხობს, რომ როდესაც ქვეყანაში შეიქმნება რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი, ეს იქნება ეკონომიკური განვითარებით მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ გურიის, სამეგრელოსა და სვანეთის განვითარებას. დეპუტატის მოსაზრებით, პოლიტიკური ცენტრის გარშემო განვითარდება კულტურული ცენტრებიც.

“იმერეთში 200 მილიონამდე ლარის პროექტებია შეჩერებული. გზავნილმა საზოგადოებისადმი, რომ ქუთაისში იქნებოდა პარლამენტი, გააჩინა მიზიდულობის ცენტრი ინვესტორებისათვის. ამან მოიზიდა ინვესტორები. მაგალითად, “ჰოლიდეი ინნ”–ი ქუთაისში, წყალტუბოს განვითარების პროექტი, თვითონ ქუთაისში შენდება რამდენიმე სასტუმრო, რომელიც ახლა შეჩერებულია. პარლამენტის თბილისში გადმოტანით ეს პერსპექტიული პროექტები შეჩერდება. გარდა ამისა, როცა ვსაუბრობთ სოფლის განვითარებაზე, სოფელი პატარა ქალაქების, ცენტრების გარეშე ვერ განვითარდება. მხოლოდ ერთი ქალაქი, თბილისი ვერ განავითარებს მთელ სოფელს”, – განუცხადა სერგო რატიანმა “ნეტგაზეთს”.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიცაა დაგეგმილი, კონსტიტუციაში ცვლილება კი თებერვალში იგეგმება. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში კი პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე თბილისში, პარლამენტის ძველ შენობაში შეიკრიბება.

პარლამენტარ ვახტანგ ხმალაძის თქმით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნება 10 მილიონ ლარამდე დაჯდება, ხოლო ქუთაისში პარლამენტის შენობის დასრულებას 20 მილიონამდე ლარი სჭირდება. როგორც დეპუტატი ამბობს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა დანიშნულებას მოუძებნიან პარლამენტის შენობას ქუთაისში, რომლის აშენებაც 300 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი