ახალი ამბებიტექნოლოგიები

ინტერნეტით ფულის შოვნის სამი მეთოდი საქართველოში

21 აპრილი, 2017 •
ინტერნეტით ფულის შოვნის სამი მეთოდი საქართველოში

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინტერნეტით ფულის შოვნის შესაძლებლობები გაცილებით შეზღუდულია, რასაც განაპირობებს ბაზრის სიმცირე და, შესაბამისად, დიდი კორპორაციების ნაკლები ინტერესი. თუმცა მაინც არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლითაც საქართველოშიც შეძლებთ ინტერნეტით ფულის გამომუშავებას.

რეკლამის მოზიდვა ინტერნეტში

გუგლის სპეციალური სარეკლამო სერვისის, “ედსენსის” (Adsense) დახმარებით ინტერნეტის მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთ ბლოგებსა და საიტებზე მოიზიდონ რეკლამა. სარეკლამო ბანერები ჩნდება საიტზე და რეკლამირებიდან შემოსული თანხა ირიცხება საიტის მფლობელის პირად საბანკო ანგარიშზე. ტექნოლოგიების სპეციალისტი კონსტანტინე სტალინსკი, რომელიც თავადაც სარგებლოს გუგლის ამ სერვისით, ამბობს, რომ სერვისის ჩართვა გუგლის ანგარიშით მარტივია, თუმცა იმისათვის, რომ თანხა მიიღოთ, ხანგრძლივი ვერიფიკაციის პროცესი უნდა გაიაროთ. უნდა დაელოდოთ გუგლის წერილს, რომელშიც არის სავერიფიკაციო კოდი.

მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რასაც ამ დროს გადააწყდებით, ენობრივი შეზღუდვებია. გუგლის სერვისისთ ვერ ისარგებლებთ, თუ ქართულენოვანი საიტი გაქვთ:

“გუგლი არ ცნობს ქართულ ანბანს/შრიფტს. თუკი საიტი გაკეთებულია სხვა ენაზე (რუსულად, ინგლისურად და ა.შ.) და არის ბაზირებული საქართველოში, თუნდაც “GE” ზონაში, ბანერებს ჩვეულებრივ უჩვენებენ და, შესაბამისად, ხდება თანხის დარიცხვაც. თუ საიტი არის ქართულ ენაზე და აქვს საკმაოდ მაღალი რეიტინგი, უბრალოდ, სვამთ კოდს, თავიდან შეიძლება გამოჩნდეს ბანერი, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ იმ ბანერის ნაცვლად გაჩნდება ნაცრისფერი კვადრატი. ჩემი აზრით, გუგლს არ აინტერესებს საქართველოს ბაზარი, ქართულენოვანი საიტები ამ ეტაპზე.”

სოციალური ქსელები ფეისბუკი გუგლი

ასევე, გუგლს არ აქვს შესაბამისი ადამიანური რესურსი, რათა გააკონტროლოს ქართულენოვანი რეკლამები. სარეკლამო ბანერები შეიძლება გახდეს სხვადასხვა შინაარსის კონტენტის გავრცელების საშუალება. სტალინსკის თქმით, თუ საიტზე სარეკლამო ბანერების განთავსება გსურთ, პირადად უნდა მოძებნოთ დამკვეთი, ინტერნეტ-სივრცისაგან დამოუკიდებლად.

სტალინსკის თქმით, “ვორდპრესი” და “ბლოგსპოტი” თავიდან უარს აცხადებენ თავიანთ სივრცეში რეკლამის განთავსებაზე. ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბლოგის მფლობელი რეგისტრირებულია საქართველოში.

“ზოგადად, თუ ხარ დამწყები ბლოგერი, ისინი უარს აცხადებენ შენთან თანამშრომლობაზე, ხოლო თუ უკვე პოპულარული ბლოგი გაქვს, ისინი თავად გიკავშირდებიან შემოთავაზებით. ეს საიტის უნიკალური მომხმარებლების და ნახვების რაოდენობაზეა დამოკიდებული,” – ამბობს სტალინსკი.

რეკლამის მოზიდვა, ბლოგებისა და საიტების გარდა, შესაძლებელია ფეისბუკის გვერდებზეც. სარეკლამო კონტენტს სახუმარო შინაარსის წარწერებიანი ფოტოებითაც ავრცელებენ. ამ ხერხს დღეს არაერთი ფეისბუკ გვერდი მიმართვს, რომელთაც ფართო აუდიტორია ჰყავთ. ერთ-ერთი მათგანია გვერდი “ვაიმეე, ვაიმეეე”. გვერდის ადმინისტრატორის, მიშო ხაჩატუროვის თქმით, გვერდი გართობის მიზნით 3 წლის წინ შექმნა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ საკმაოდ ბევრი “მოწონების” შეგროვება შეძლო და რეკლამის განთავსების მსურველები თავად უკავშირდებიან.

“ფასი ყველასთვის ერთია, თვეში 180 ლარი. ამის სანაცვლოდ კი ისინი იღებენ დღეში დადებულ 10 პოსტს მათი რეკლამის ლოგოთო, დღეში გაზიარებულ ერთ ნემისმიერი სახის ლინკს და ყოველდღიურად 250 000 ნახვას,” – ამბობს მიშო ხაჩატუროვი.

იუთუბის მონეტიზაციის სერვისი

ერთადერთი მონეტიზაციის სერვისი, რომლითაც შეიძლება ქართველმა მომხმარებელმა ისარგებლოს, არის იუთუბის მონეტიზაცია. ამ შემთხვევაშიც კი ხშირად ლოკაციის ადგილად უთითებენ სხვა ქვეყნებს. ეს იწვევს იმას, რომ ვიდეოებზე ნაჩვენები რეკლამა ხშირ შემთხვევაში ხდება არარელევანტური. თუმცა რეკლამის შერჩევა ზოგადად ხდება ენისა და IP მისამართის მიხედვით.

საქართველოში ერთ-ერთი პოპულური იუთუბ არხი EmiliTV უკვე წელიწადნახევარია არსებობს. არხს 52 565 გამომწერი და, ჯამში, 84 521 080 ნახვა აქვს. ქართული ვერსიის შექმნამდე არხის დამფუძნებელი ლევან ალიმბარაშვილი ვიდეოებს რუსულენოვან არხზე ტვირთავდა. ის სხვადასხვა სიტუაციაში თავისი შვილის მონაწილეობით იღებს ვიდეოებს ბავშვებისათვის. ალინბარაშვილს იუთუბში, ჯამში, 3 არხი აქვს. მონეტიზაცია სამივე არხზე გააქტიურებული აქვს. მისი თქით, ქართული არხებიდან მიღებული თანხა ძალიან ცოტაა და მისი შემოსავლების ძირითად ნაწილს რუსული არხიდან მიღებული მოგება შეადგენს.

“პროპორციულად რომ შევადაროთ რუსულენოვან არხს ქართული, ძალიან ბევრი განსხვავებაა. შეიძლება იმიტომ, რომ რუსეთში რეკლამა უფრო ძვირია, ან უფრო მეტი უკვეთავს რეკლამას იუთუბის საშუალებით, შემოსავლების კუთხით განსხვავება დიდია. ჩვენ რომ რუსული გვერდი არ გვქონდეს, იუთუბიდან შემოსავალი იქნებოდა ისეთი მიზერული, რომ შესაძლოა სათამაშოებიც კი ვერ გვეყიდა.”

მისი თქმით, არხს დღეში დაახლოებით ნახევარი მილიონი ნახვა აქვს, რაშიც მაგალითად, დღევანდელი მონაცემებით, იუთუბი 80$-ს გადაუხდის.

“პირდაპირ ვერავის ვეტყვი, რომ არ წამოიწყონ იუთუბზე კონტენტის შექმნა, რადგან სარგებელი ნაკლებია. პირიქით, დიდი სურვილი მაქვს, რომ გააქტიურდეს იუთუბი, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ შემოსავალი ცოტაა. ბევრს მოუწერია და ჰგონიათ, რომ ამდენი ნახვის გამო ძალიან დიდ ფულს ვშოულობთ, რაც ნამდვილად არ არის სიმართლე. 500 000 ნახვაზე დღეში საშუალოდ რეკლამიდან შეიძლება მივიღო შემოსავალი – დაახლოებით 80$.

რუსულენოვანი იუთუბიდან დღეში ამავე რაოდენობის ნახვაზე საშუალოდ ამაზე 3-ჯერ მეტი შეიძლება მივიღო. ამერიკული ტრაფიკი კი დაახლოებით 5-ჯერ მეტს გაძლევს,” – ამბობს ის.

თანხის გამომუშავების მხრივ იუთუბზე კონტენტი იყოფა შინაარსობრივადაც – არის საბავშვო კონტენტი და არის უფროსი ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი მასალა.

“საბავშვო არხებზე რეკლამების განთავსებაში შეიძლება, ასევე, გუგლმა უფრო ცოტა გადაიხადოს. ყოველთვის არ ასხვავებს იუთუბი ამ ორ ჯგუფს, მაგრამ გამომუშავებაზე მაინც აისახება. უფრო ძვირი რეკლამა გაჩნდება იქ, სადაც აუდიტორია უფრო ფართო იქნება.”

ასევე რეკლამის ფასები ცვალებადია და სხვადასხვა სეზონზე იუთუბი ერთი და იმავე რეკლამის განთავსებაში სხვადასხვა რაოდენობის თანხას გადაგიხდით.

ონლაინ ვაჭრობა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება ინტერნეტში ფულის გამოსამუშავებლად ონლაინ ვაჭრობაა. ეს შეიძლება იყოს ისეთი დიდი საიტები, როგორებიცაა ამაზონი და იბეი, სადაც თქვენი ბრენდის გვერდს ქმნით და ყიდით პროდუქციას. ან შესაძლოა პირადად შექმნათ ცალკე საიტი ონლაინ მაღაზიისათვის, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

საქართველოში ონლაინ ვაჭრობისათვის წარმატებით იყენებენ სოციალურ ქსელებსაც. განსაკუთრებით- კრეატიულ ინდუსტრიაში. მაგალითად, ხელნაკეთი მაისურების სახელოსნო Deapex და მეორეული ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია Méli-mélo.

დეაპაქსის ხელნაკეთი მაისურები. ფოტო: სახელოსნოს ფესიბუკ გვერდი

დეაპაქსის ხელნაკეთი მაისურები. ფოტო: სახელოსნოს ფესიბუკ გვერდი

ერთი მაისურით, ფუნჯითა და საღებავის კოლოფით ხელნაკეთი მაისურების ონლაინ მაღაზია “დეაპექსი” 2013 წელს გაიხსნა. მას სათავეში დები დეა და ელენე სანაძეები უდგანან. ონლაინ მაღაზიის საწყისი კაპიტალი 50 ლარი იყო, ახლა კი თითო მაისურს ყიდიან 50 ლარად.

“მაშინ, როდესაც გვერდი შეიქმნა, ასეთი სტარტაპები ჯერ კიდევ არ იყო მასობრივად. პირველი კოლექცია გადავიღე ჩემით და დაიმსახურა მოწონება. იმ პერიოდში ფეისბუკ გვერდის პოსტების დასპონსორებაც არ იყო შესაძლებელი და მხოლოდ მოწონებებითა და გაზიარებებით ვრცელდებოდა მაისურების ფოტოები. დღეს უკვე 20 000-ზე მეტი მოწონება გვაქვს და ყოველდღე ვიღებთ შეკვეთებს მაისურებზე. შეიქმნა ასევე საბავშვო მაისურების სეგმენტიც. სწორედ ონლაინ შოპინგმა განაპირობა ის, რომ დაგვიკავშირდა ბევრი მაღაზია თბილისის მასშტაბით, რომლებმაც გვთხოვეს, რომ ჩვენი მაისურები მათთანაც გაგვეყიდა. ამითაც, რა თქმა უნდა, გაიზარდა ჩვენი პოპულარობა,” – ამბობს დეა სანაძე.

“დეაპექსისათვის” შემოსავლის წყარო არის არა მხოლოდ ონლაინ გაყიდვებიდან მიღებული თანხა, არამედ პარტნიორი მაღაზიების ქსელებში გაყიდული მაისურებიდანაც მიღებული სარგებელი. ონლაინ სივრცე ეხმარებათ იმაშიც, რომ შეკვეთებს სხვა ქვეყნებიდანაც იღებენ. მათთვის ერთ-ერთ გამოწვევად საავტორო უფლებების შენარჩუნება იქცა ინტერნეტში.

“ბევრი ნახულობს მაისურებს, იდეები ვრცელდება, ჩნდებიან კონკურენტები.”

მელი-მელოს ტანსაცმელი. ფოტო: ონლაინ მაღაზიის გვერდი

მელი-მელოს ტანსაცმელი. ფოტო: ონლაინ მაღაზიის გვერდი

დაახლოებით 6 თვის წინ ფეისბუკში “მელი-მელო” ნუცა ქუთათელაძემ მეგობრებთან ერთად შექმნა. მანამდე თავიანთ ნივთებს ძველმანების ბაზრობაზე ყიდდნენ. თავიდან გვერდზე მხოლოდ საკუთარ ტანსაცმელს სთავაზობდნენ მომხმარებელს, მოგვიანებით კი მეორეული ტანსაცმლის შეძენა და გადაყიდვა დაიწყეს.

“თავიდან არ ვიცოდით, თუ გაამართლებდა და შემოსავალს დაახლოებით რამდენს მივიღებდით. თან ხარჯი თავიდან საერთოდ გვქონდა, ჩვენსავე ტანსაცმელს ვყიდდით. მხოლოდ 2$ დავხარჯეთ გვერდის ფეისბუკში დასასპონსპორებლად.

ახლაც ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთებული მოგება გვაქვს, მაგრამ სტუდენტები ვართ და იმდენს მაინც ვიღებთ სარგებელს, რომ ჩვენი ჯიბის ფული გვაქვს,” – ამბობს ნუცა.

ნუცას თქმით, ონლაინ სივრცეში მომხმარებელთან ურთიერთობა თავიდან რთული იყო, თუმცა დროთა განმავლობაში სერვისი გააუმჯობესეს.

“თავიდან ერთადერთი სირთულე იყო მომხმარებელთან ურთიერთობა. ვიდრე ჩამოვყალიბდებოდით, როგორი წესები გვექნებოდა: როგორ მოხდებოდა დაჯავშნა, როგორ მოიზომებდნენ ტანსაცმელს, გვექნებოდა თუ არა დაბრუნების სერვისი, რა ვადებში და ა.შ. თუმცა, რაც დავარეგულირეთ ეს ყველაფერი, პრობლემები აღარ გვაქვს.

ონლაინ სივრცე მოსახერხებელია, მას აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც, მაგრამ იმდენიც არა, რომ გვიღირდეს რეალური მაღაზიის გახსნა და ასეთი ხარჯების გაწევა,” – ამბობს ნუცა ქუთათელაძე.

ამბობს, რომ “მელი-მელოს” მალე მიტანის სერვისიც ექნება და ონლაინ მაღაზიის განვითარებას კიდევ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი