საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა ძირითადად ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო.
კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, საქართველომ და რუსეთმა უნდა მიაღწიონ ურთიერთგაგებას ყველა საკითხზე, მათ შორის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსერთთან დაკავშირებით:
“ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ამიტომ, ეს საკითხი ადრე თუ გვიან უნდა გადაწყდეს. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესია არა მხოლოდ რუსეთისა და საქართველოსთვის, არამედ აფხაზეთისა და ოსეთისთვის”, – განაცხადა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში. ილია მეორემ პატრიარქ კირილს მადლობა გადაუხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქო აღიარებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობას აფხაზეთსა და ცხინვალში.
პატრიარქმა განაცხადა, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივას ოპტიმიზმით უყურებს.
“ჩვენს ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობა ერთადერთი გზა იყო, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებსა და ერებს აკავშირებდა. ღვთის მადლით, დრო იცვლება და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით”, – აღნიშნა ილია მეორემ.
საქართველოში მიმდინარე ცვლილებები დადებითად შეაფასა რუსეთის პატრიარქმაც:
“მშვიდობიანად და ხალხის თავისუფალი არჩევანის გზით საქართველოში ხდება ცვლილებები, რომელზეც ბევრი იმედებს ამყარებს. დაე, ამ ვიზიტმა თავისი მაცოცხლებელი წვლილი შეიტანოს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში”, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა მოსკოვში ილია მეორის საკუთარ რეზიდენციაში მიღებისას.
რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებმა შეხვედრაზე ქართველი მეფეების, ვახტანგ VI-სა და თეიმურაზ II-ის ნეშტების საქართველოში გადასვენების საკითხზეც ისაუბრეს. რუსეთის პატრიარქის განცხადებით, რუსეთის ეკლესია გაგებით ეკიდება ქართული მხარის სურვილს ნეშტების თბილისში გადასვენების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ეს თემა საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს და ამ საკითხზე სპეციალური კომისია იმუშავებს:
“მიმაჩნია, რომ ამგვარმა ქმედებამ საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობაც დააზარალოს. დარწმუნებული ვართ, კომისია მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს. სამუშაოს ეფექტურობის ზრდის მიზნით, მზად ვართ მასთან თანამშრომლობისთვის და ვილოცებთ, რომ მათ მუშაობა სწრაფად დაასრულონ”, – აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.
ილია მეორე რუსეთში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის მიწვევით ჩავიდა. პატრიარქი მოსკოვში უმაღლესი რანგის საერო და სასულიერო პირებს შეხვდა. “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის განმტკიცებაში გამორჩეული წვლილისა და საზოგადოების ცხოვრებაში ქრისტიანული ღირებულებების დამკვიდრებისა და განვითარებისთვის” რუსეთის პატრიარქმა კირილმა მას ჯილდო გადასცა. ილია მეორე 23 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც გამართავს შეხვედრას ხოლო საქართველოში 26 იანვარს დაბრუნდება.