ახალი ამბები

ნარმანია: სტიქიით დაზარალებულთა საკომპენსაციო თანხა 6-8 ათასს შორის მერყეობს

21 იანვარი, 2013 • 1627
ნარმანია: სტიქიით დაზარალებულთა საკომპენსაციო თანხა 6-8 ათასს შორის მერყეობს

“კახეთში აღწერა სრულყოფილად ჩატარდა, ზარალის დათვლის აქტს ხელი მოაწერეს დაზარალებული ოჯახების წევრებმა, ამიტომ ზარალის ანაზღაურებაზე პრეტენზიას გამოვრიცხავთ, უახლოეს დღეებში 28 000–ზე მეტ ოჯახს ეტაპობრივათ ჩაერიცხებათ ეს თანხა, თანხა მერყეობს 6–8 ათასს შორის, თუმცა ზოგი ოჯახი მეტ თანხას მიიღებს, ხოლო ზოგი – ნაკლებს”, – განაცხადა ნარმანიამ კანცელარიაში მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემისთვის საჭირო პროცედურები დღეიდან იწყება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპენსაციების გასაცემად რამდენიმე პროცედურა განხორციელდება:

1. დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბანკ „ქართუს“გადაუგზავნის ბენეფიციართა სიას;

2. ბანკი ამ სიების საფუძველზე თითოეულ ბენეფიციარს გაუხსნის საბანკო ანგარიშს.

3. სამშაბათს, 22 იანვარს, სამინისტრო როგორც ბანკ „ქართუს“, ისე მუნიციპალიტეტების გამგეობებს გაუგზავნის იმ 3000 ბენეფიციარის სიას, რომელსაც პირველ ეტაპზე უნდა ჩაერიცხოს თანხა. სიები გაეგზავნება როგორც ბანკ „ქართუს“, ისე ადგილობრივ გამგეობებს. მოსახლეობას ინფორმაციის მიღება ასევე შეეძლება სოფლის რწმუნებულებთან. ამით მოქალაქეები შეძლებენ, წინასწარ გაეცნონ სიას და ზედმეტი პრობლემები და გართულებები თავიდან აიცილონ.

4. კვირის ბოლოს რეგიონული განვითარების სამინისტრო დამატებით 3000 ბენეფიციარის სიას გაუგზავნის ბანკს. მთლიანად კომპენსაციების გაცემა, სავარაუდოდ, 5-6 კვირა გაგრძელდება.

 

იმისათვის, რომ მთელი პროცესი წარიმართოს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თხოვს დაზარალებულ მოქალაქეებს, იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით, დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ადგილობრივ გამგეობებში, რომლებიც სრულად იქნებიან ინფორმირებულნი ყველა პროცედურასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი