ახალი ამბები

ილია მეორე ვლადიმერ პუტინს შეხვდება

20 იანვარი, 2013 •
ილია მეორე ვლადიმერ პუტინს შეხვდება

მისივე თქმით,  დაგეგმილი შეხვედრა რუსეთის პატრიარქის კირილეს  რეზიდენციაში გაიმართება. ერთმანეთს შეხვდებიან ორი ადგლობრივი პატრიარქი და ორი ადგილობრივი ეკლესიის მეთაური. ასევე  დაგეგმილია მცირე პარაკლისი. ამ პარაკლისის შესახებ მოლაპარაკება გაიმართება ორ პატრიარქს შორის. 

 

“22 იანვარს, სამშაბათს, მოსკოვში, კრემლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, დაგეგმილია წირვა; 23 იანვარს, დღის 3 საათზე დაგეგმილია რუსეთის და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან”– განაცხადა  პროტოპრესვიტერმა გიორი ზვიადაძემ. 

 

საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ქართველი მეფეების თეიმურაზ პირველისა და ვახტანგ მეექვსის ნეშტების გადმოსვენების საკითხს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში დღის წესრიგშია საქართველოს ტერიტორიული მთლიანბის საკითხი:

 

“ერთ–ერთი საკითხი, რომელიც ცნბობილია, ეს არის თეიმურაზ პირველის  და ვახტანგ მეექვსის ნეშტის გადმოსვენება, რომელიც იმედი გვაქვს, რომ მალე გადაწყდება. თქვენ იცით, რომ პატრიარქმა იერუსალიმიდან ჩამოიტანა ქვები და სარკოფაგები უკვე მზადდება. ის, რაც გვტკკივა, ბუნებრივია, პატრიარქის დღის წესრიგში მუდმივად დგას ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრაზე, მით უმეტეს, როდესაც რუსეთის ფედერაციაში  უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან იქნება შეხვედრები. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ის საკითხები,, რომელიც ზოგადად მართლმმადიდებელ ეკლესიებს აღელვებთ”– განაცხადა ლაშა ჟვანიამ. 

 

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს  ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვის შემდეგ ქადაგებისას ილია მეორემ მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ განაცხადა. 

 

 “მე მინდა გთხოვოთ, ჩვენ მივემგზავრებით ხვალ მოსკოვში და ძალიან საყურდღებო საკითხებზე გვექნება ჩვენ იქ საუბარი და თქვენ ილოცეთ, შეავედრეთ საქართველო უფალს და რაც შეიძლება და რამდენიც შეგიძლიათ, ილოცეთ –  “მოწყალებისა კარი განგვიღე”, – მიმართა მრევლს პატრიარქმა.

 

21 იანვარს მოსკოვში დაგეგმილია “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის საერთაშორისო ფონდის” ეგიდით პრემიებით დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია, რომელშიც რუსეთის პატრიარქი კირილი მონაწილეობს.

 

პატრიარქ ალექსი მეორეს სახელობის პრემია “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის განმტკიცებაში გამორჩეული წვლილისა და საზოგადოების ცხოვრებაში ქრისტიანული ღირებულებების დამკვიდრებისა და განვითარებისთვის” სხვა პირებთან ერთად საქართველოს პატრიარქს გადაეცემა.

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი