საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს:
“ბ-ნი ჩხატარაშვილი ჩვენი ხელისუფლების დროს მთავარი პროკურორის მოადგილედ მუშაობდა. მე მას არც პირადად და არც სახეზე არ ვიცნობდი, თუმცა ხშირად გამიგია, რომ ზურა ადეიშვილის ე.წ. მარჯვენა ხელად მოიხსენიებდნენ. დღეს ზურა ადეიშვილზე აღძრული საქმე სწორედ “მარჯვენა ხელის” ჩვენების საფუძველზეა და ეს ჩვენება ერთადერთია (ჩემი ინფორმაციით).”
ადეიშვილის საქმეზე გუშინ, 17 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:
“კი, მე არ მომწონდა რაღაცები, რასაც პროკურატურა აკეთებდა, მათ შორის მისი ზოგიერთი მოადგილე, რომელიც, სხვათა შორის, ახლა აქტიურად თანამშრომლობს უკანონო რეკეტის სტრუქტურებთან, რომელიც მთავრობასთან მიახლოებულ წრეებში ჩამოყალიბდა.”
გოგა ხაჩიძის თქმით, ჩხატარაშვილი გია ხუხაშვილთან მუშაობს:
“ამჯერად კი “ჩხატარა” სხვაგან მუშაობს. შეიძლება ითქვას, დააწინაურეს და დღევანდელ რეალობაში, ერთ-ერთ “დიდ კაცთან” გადაიყვანეს. აი, ბ-ნი გია ხუხაშვილი ხომ არის რაღაცის უფროსი, თუმცა რაღა რაღაცის, რაააააღაცის!… ჰოდა, მაგ რააააღაცაში “ჩხატარა” არის ხუხაშვილის მოადგილე.”
გია ხუხაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ ჩხატარაშვილს რამდენჯერმე შეხვდა:
“ჩხატარაშვილი მუშაობდა მიხეილ სააკაშვილთან და 9 წლის განმავლობაში მას სააკაშვილი და ადეიშვილი აკეთებინებდნენ ბევრ ცუდ საქმეს. მე მას რამდენჯერმე შევხვდი, რადგან ის ჩემთვის ძალიან საინტერესო რესპონდენტია, თუმცა ის ჩემთან არ მუშაობს. თქვენ შეგიძლიათ ოფისში მოხვიდეთ და რამდენიმე კვირა ელოდოთ, თუ მოჰკრავთ მას ჩვენთან თვალს.”
პარლამენტის წევრი გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ ადეიშვილის ადვოკატისთვის გადაცემული საქმის მასალებით მისთვის ცნობილი გახდა, თუ რა ვითარებაში დაიკითხა დავით ჩხატარაშვილი ადეიშვილის საქმეზე:
“მაშინ, როდესაც ყოფილ მინისტრებს, ყოფილ პრემიერ/მინისტრებს, ყოფილ და არსებულ მაღალჩინოსნებს, თითქმის ყოველდღე დაარბენინებენ პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში და სხვადასხვა საგამოძიებო უწყებაში, აბა, გამოიცანით სად ჩამოართვეს ზურა ადეიშვილის წინააღმდეგ ის ერთადერთი ჩვენება ბ-ნ “ჩხატარას”?… – სად და ვაკეში,.. ჭავჭავაძის გამზირზე,.. ე.წ. “პიქსელის” შენობაში… აი, ეგრე, მიბრძანდნენ ბ-ნი ხუხაშვილის ოფისში და იქ დაკითხეს.”
ხუხაშვილი არც ამ ინფორმაციას ადასტურებს: “გოგა ხაჩიძის განცხადებას რაც შეეხება, დაკითხვის ადგილად მითითებულია ჭავჭავაძის 35 ნომერი, მაგრამ ეს არ არის “პიქსელის” შენობა, ეს, თუ არ ვცდები, გზის მეორე მხარეს არის და საიდან დაასკვნა, არ ვიცი.”
მისივე თქმით, “ჩხატარაშვილი იყო ამ რეჟიმის მსხვერპლი, რომელსაც იყენებდნენ ისევე, როგორც იმ 18 წლის ბიჭს, რომლის დაწერილი პროგრამითაც ჩვენ გვისმენდნენ, რაც იყო პოლიტიკური პედოფილიის მაგალითი.”
დავით ჩხატარშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში მთავარი პროკურორის მოადგილედ 2008 წლიდან მუშაობდა, მანამდე (2005-08წწ) კუდ-ის დირექტორის მოადგილე იყო. შევარდნაძის მთავრობის დროს მუშაობდა უშიშროების სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, საგადასახადო ინსპექციაში.
დავით ჩხატარაშვილის მეუღლე კი, გარდა იმისა, რომ ორ კერძო კომპანიას ფლობს, არის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამედიცინო ფსიქოლოგიის პედაგოგი.
საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ ზურაბ ადეიშვილმა 2012 წლის 17 სექტემბერს თავისსავე კაბინეტში დაიბარა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა, სადაც ამ უკანასკნელს დაავალა ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც საზოგადოებას წინასწარ დაარწმუნებდა იმაში, რომ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ მოპოვებული კადრები, რომლებიც უნდა გავრცელებულიყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, არ შეეფერებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სინამდვილეს, არამედ შეიქმნა კოალიცია „ქართული ოცნების” დავალებით და გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ.