ახალი ამბები

“რესტორნები არ შევლენ კონფლიქტში კლიენტებთან” – მოწევის აკრძალვის აღსრულების პრობლემა

19 აპრილი, 2017 • 8775
“რესტორნები არ შევლენ კონფლიქტში კლიენტებთან” – მოწევის აკრძალვის აღსრულების პრობლემა

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ შენობებში მოწევის აკრძალვის კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დიდ რესტორნებს გაუჭირდებათ, 200-300 ადამიანს შენობაში მოწევა დაუშალონ, ამიტომ ხშირად მოუწევთ პატრულის გამოძახება.

“ჩვენ ამ კანონთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით, ვემხრობით და ჩვენთვის მისაღებია, მოგვწონს. უბრალოდ, გვასწავლეთ, როგორ გავაკეთოთ ამ საქმის ადმინისტრირება,”- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა “კვირის” პრესკლუბში 19 აპრილს.

კანონპროექტით, რომელიც ამჟამად პარლამენტში მეორე მოსმენის ეტაპზეა, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის გარდა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, “კანონის აღსრულების ძირითადი ნაწილი დამოკიდებული იქნება იურიდიული პირების, ეს ოფისი იქნება თუ სამასპინძლო ბიზნესი, თუ სასტუმრო, ორგანიზაციების ხელმძღვანელობაზე…”.

შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, რადგანაც რესტორნები და სასტუმროები აგებენ პასუხს იმაზე, რომ ადამიანებმა დაწესებულებაში არ მოწიონ, მათთვის ამის ადმინისტრირება რთული იქნება.

შალვა ალავერდაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 19.04.2017

“პატარა რესტორნები და სასტუმროები გასაგებია, მაგრამ საბანკეტო დარბაზებში, სადაც ადამიანების მასობრივად თავშეყრა ხდება, 300, 400, 500-კაციანი ბანკეტები, ქორწილები, ე.წ. ჭირის სუფრები, სადაც ხალხი მასობრივად ეწევა. როგორ უნდა მოვახერხოთ ობიექტებმა ამის ადმინისტრირება ? ჩვენ, ყველა შემთხვევაში, უნდა გამოვიძახოთ პატრული. თუ ჩვენ პატრული გამოძახებული გვყავს, მაშინ დაცული ვართ დაჯარიმებისგან.

საპატრულო პოლიცია ამას მარტო ვერ მოერევა, ამისთვის უნდა შეიქმნას- განსაკუთრებით, პირველი სამი თვის განმავლობაში მაინც, როდესაც იქნება ძალიან მწვავე დაპირისპირებები- სპეციალური განყოფილებები, სადაც მე დავრეკავ, ეს ხალხი მოვა და აუხსნის ადამიანებს, რომ უნდა გავიდნენ. ასევე, მთელი ერთი წლის განმავლობაში, სანამ ეს კანონი შევა ძალაში, ტელევიზიის საშუალებით უნდა მიდიოდეს აქტიური  პროპაგანდა იმისა, რომ ეს საქმე არის დასჯადი. ამ ერთი წლის განმავლობაში, ადამიანების შეგნებამდე უნდა დავიდეს თემა ინფორმაციის დონეზე, რომ როცა ადამიანთან ვიღაც მივა, იგივე მიმტანი, თავში არაფერი ჩაარტყას ნასვამმა ადამიანმა მიმტანს,”- ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

მისივე განმარტებით, დიდ ობიექტებზე, თვითონ რესტორნების წარმომადგენლები არ შევლენ კონფლიქტში კლიენტებთან.

“გამოკრული იქნება ყველგან, რომ ეს დასჯადია და არის ჯარიმა. მაგრამ ადამიანი თუ მაინც გადაწყვეტს, რომ მოწიოს სიგარეტი, ჩვენ მაშინვე გამოვიძახებთ პატრულის ეკიპაჟს და ჩვენ თვითონ არ შევალთ კონფლიქტში მომხმარებლებთან. ჩვენ თვითონ არ გვინდა, რომ სტუმრებს ვედავოთ… ადამიანი, რომელიც ნასვამია და მთელი ცხოვრება ასე იქცევა, საკმაოდ რთულია ამ ადამიანისთვის ამის მიღწევა. შესაბამისად, ჩვენ ისევ ვაცხადებთ, რომ არ გვინდა, კლიენტებთან ჩხუბით დავიწყოთ ურთიერთობა. 200-300 კაცს ვერანაირად ვერ დაუპირისპირდება ვერც ერთი ობიექტის პერსონალი. ლოგიკა არ არის იმაში, რომ მიმტანი მივიდეს და დაუპირისპირდეს 200 კაცს ერთი ადამიანი,”- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი, რომელიც თამბაქოს ნაწარმზე მკაცრ კონტროლს აწესებს, შემუშავებულია საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების მაღალი მაჩვენებლების შედეგად სიკვდილობის, დაავადებიანობის და ეკონომიკური ტვირთის მასშტაბების გამო, აგრეთვე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებისათვის.

გარდა ამისა, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული დირექტივებისა და რეკომენდაციების განხორციელების საჭიროებით, კერძოდ, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა:

  • პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა;
  • არამწეველობის ნორმად აღიარება და თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ჰაერზე და თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისგან დაცულობაზე თითოეული მოქალაქის უფლების ცნობა;
  • თამბაქოს მოხმარების გავრცელების მყარი ყოველწლიური შემცირების აუცილებლობა საზოგადოების ყველა სექტორში.

მასალების გადაბეჭდვის წესი