ახალი ამბები

თეა წულუკიანი: ფარული გადაღებების მოწყობაში მეგის ქარდავას გარდა სამი პირი ფიგურირებს

17 იანვარი, 2013 •
თეა წულუკიანი: ფარული გადაღებების მოწყობაში მეგის ქარდავას გარდა სამი პირი ფიგურირებს

ეს კომენტარი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მეცხრე არხის გადაცემა “მთავარ კითხვაში” გააკეთა.

 

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა საჯარო უფლებამოსილი პირის უმსგავსო ქმედება: ” სისხლის სამართლის ენით დაკვალიფიცირდა ეს, როგორც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან გადამეტება.” 

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

წულუკიანის განცხადებით, ამ საქმეში მხოლოდ მეგის ქარდავა არ ფიგურირებს: ” აქ არის სამხედრო პოლიციის სამი სხვა ჩინოსანი, საზოგადოებამ მათი გვარები და სახელები არ იცის, მაგრამ  გამოქვეყნდება. სამი ადამიანია დღეს პასუხისგებაში მიცემული და არ მხოლოდ მეგის ქარდავა. სამივე დაკითხვის რეჟიმში ამბობს, რომ ეს იყო მეგის ქარდავას ორგანიზებული. ჩვენებები არის მტკიცებულება, მეგის ქარდავას ზუსტი როლი ამ საქმეში ძიებას კიდევ საჭიროებს, თუმცა მისი მონაწილეობა ამ საქმეში არის ცხადად გამოკვეთილი. რა ხარისხის პასუხისმგებლობა დაეკისრება და რა კვალიფიკაცია მიეცემა მის ქმედებებს, ამას გამოძიება აჩვენებს.” 

 

თეა წულუკიანის განცხადებით, სხვა მონაწილეების იმიტომ არ დასახელდნენ, რომ საქმეში ჩართული პროკურორების და გამომძიებლების საქმიანობას ხელი არ შეეშალოს. 

 

საქართველოს პრეზიდენტი მთავარი პროკურატურის ბრალდების შესახებ, რომლის მიხედვით, წინა ხელისუფლების დროს, მეგის ქარდავას დავალებითა და ორგანიზებით, მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

 

“8 წელი ვიყავით მთავრობაში, ერთი შემთხვევა გახსოვთ, ასეთი კადრები სადმე მოხდა? მითხარით ერთი შემთხვევა ამის და მაშინ მივიღებ ბრალდებას. როცა სპეცსამსახურები ასეთ პროდუქციას ქმნიან, ის ყოველთვის სადღაც ხვდება. მე ვიყავი ის, ვინც კონკრეტულად, ძალიან მკაცრად აკონტროლებდა, რომ ასეთი რამე სახელმწიფო ორგანოებს არ გაეკთებინა. ეს არის ჩემთვის ძალიან პრინციპული საკითხი.

 

ეს არის მთავრობა, რომელმაც უკვე დაუშვა სამი შემთხვევა, სამ თვეში, უხეშზე უხეში გადაცდომით ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევის. რას ამბობენ ისინი, მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი არის კონკრეტული. ვერ მივიღებ ამ პრეტენზიებს. სხვა საკითხია, რომ კანონი უნდა ყოფილიყო, მართლა ვერ გავითვალისწინე, რომ ეს მოხდებოდა,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი