კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის გარდა, პარლამენტში მეორე მოსმენის ეტაპზეა.
დეპუტატი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ჩილიმ-ბარების დახურულ ოთახებში აიკრძალება ჩილიმის მოწევა და ეს მხოლოდ ღია ვერანდებზე იქნება ნებადართული.
კანონპროექტის განმარტებითი ნაწილის თანახმად, ფართოვდება ტერმინი ,,თამბაქოს ნაწარმი‘‘ და მას ემატება ისეთი თამბაქოს ნაწარმის სახეობა, როგორებიცაა, მაგალითად, “ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო”, “საწუწნი თამბაქო”, “ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნიკოტინის შემცველი მასალები/კარტრიჯები/კაფსულები”. მათზეც იმავე ტიპის შეზღუდვები ვრცელდება, რაც ჩვეულებრივ თამბაქოზე.
კანონპროექტის მომხსენებლი, გუგული მაღრაძე 18 აპრილს ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტავს, რომ ჩილიმ-ბარების მსგავსი შეზღუდვა არ შეეხება სიგარა-ბარებს.
“ჩილიმ-ბარები იქნება, ოღონდ ღია ვერანდები უნდა გააკეთონ, გამოვიდეს ხალხი, დასხდნენ, როგორც ეს თურქეთსა და სხვა ქვეყნებშია. სიგარა-ბარს ვტოვებთ იმიტომ, რომ სიგარა-ბარს აქვს ლიცენზია და მას აქვს გარკვეული მოთხოვნები, როგორი უნდა იყოს ეს სიგარა-ბარი. თუ ის აკმაყოფილებს ლიცენზიის მოთხოვნებს, მაშინ შეიძლება დავუშვათ,”- განაცხადა მან.
გუგული მაღრაძის თქმითვე, ჩილიმ-ბარების დახურულ სივრცეში მოწევას ვერ დაუშვებენ:
“მე შეიძლება დავარქვა ჩილიმ-ბარი, მქონდეს რესტორანი, ჭამა-სმა და სამ მაგიდაზე მქონდეს ჩილიმი, ეს არის გასაძრომი გზა და ამას ვერ დავტოვებთ კანონში,”- განაცხადა მან.