ახალი ამბები

იყო თუ არა ქიბარ ხალვაში აზერბაიჯანში დაკავებული?

17 იანვარი, 2013 •
იყო თუ არა ქიბარ ხალვაში აზერბაიჯანში დაკავებული?

“პროკურატურამ სასწრაფოდ გადააგზავნა საჭირო დოკუმენტაცია, ძალიან მალე მოხერხდა მისი გათავისუფლება და ქიბარ ხალვაშს არ შექმნია დისკომფორტი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ხათუნა პაიჭაძემ.

 

მისივე თქმით, წითელი ცირკულარით ძებნა პოლიტდევნილებს ყველა ქვეყანაში მოეხსნათ: “მაგრამ საქმე იმაშია, რომ  გარდა წითელი ცილკურალით ძებნისა, არსებობს ძებნის სხვა სტანდარტები დსთ–ს ქვეყნების და ადგილობრივ დონეზე. ამ პროცედურების მოგვარებას სჭირდება ერთკვირანი ვადა. ამიტომ მოუწოდა მთავარმა პროკურატურამ პოლიტიკურ დევნილებს, რომ შეეკავებინათ თავი ქვეყანაში ერთი კვირის მანძილზე დაბრუნებისაგან, რათა არ მომხდარიყო ასეთი უხერხული სიტუაცია.”

 

ქიბარ ხალვაშის ბაქოში დაკავების შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის მედიამ გაავრცელა.

 

ქიბარ ხალვაშის დის, ფატი ხალვაშის განცხადებით, ქიბარის ბაქოში დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს: “ვიცი, რომ  ქიბარი თავის ოჯახთან იყო და არის გერმანიაში. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ბაქოში იყო ჩასული ჩემი უმცროსი ძმა და შესაძლოა ინფორმაცია ქიბარის შესახებ ამიტომ გავრცელდა. ქიბართან დღეს არ მისაუბრია, თუმცა ვიცი, რომ გერმანიაშია”.   

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელთაც საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვთ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი. პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს მინიჭებული ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს.

 

პარლამენტის დადგენილებით, პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად აღიარებულია 25 პირი (წითელი ცირკულარით იძებნებოდა 9 პირი, დღეისათვის მათ მიმართ წითელი ცირკულარით  ძებნა მოხსნილია), რომელთა მიმართ გამოცხადებული ძებნა დღეის მდგომარეობით კვლავ ძალაშია “დსთ”-სა და ეროვნულ დონეზე. სახელმწიფოთაშორისო და ეროვნულ დონეზე ძებნის მოსახსნელად აუცილებელია გარკვეული პროცედურის დაცვა.

 

ხსენებული კანონის 24-ე მუხლის თანახმად, კანონის ძალაში შესვლიდან გათვალისწინებულია ერთკვირიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივად დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან მათი სასჯელისაგან გათავისუფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი