პრემიერის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, 16 აპრილს თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმში პრეზიდენტის რეჯერ რაიპ ერდოღანის მომხრეებმა გაიმარჯვეს. უკვე დათვლილია ხმმების 99%. რეფერენდუმის მონაწილეთა 51%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას, რომელის საფუძველზეც გაიზრდება პრეზიდენტის უფლებამოსილებები. ხმების დათვლა გრძელდება, თუმცა პრემიერმა გუნდს გამარჯვება უკვე ოფიციალურად მიულოცა. პრეზიდენტი კი ოპონენტებს რეფერენდუმის შედეგების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
ოპოზიცია ხმების თავიდან დათვლას მოითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ დათვლის დროს გაუქმებული ბიულეტენებიც დათვალეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, დამოუკიდებლად დანიშნოს მინისტრები, გამოსცეს ბრძანებები, აირჩიოს მოსამართლეები და დაითხოვოს პარლამენტი. პრეზიდენტი ცვლილებების საჭიროებას გაზრდილ საფრთხეებთან ბრძოლის მიზეზით ხსნის. გაუქმდება პრემიერის თანამდებობა.
როგორც ერდოღანი აცხადებს, იმ გამოწვევებთან, რომლებსაც თურქეთი დღეს უპირისპირდება, სუსტი მმართველობის ნაცვლად ძლიერი სისტემის ჩამოყალიბებაა აუცილებელი. სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებები მისცემს მოქმედ პრეზიდენტს საშუალებას, კაბინეტში 2029 წლამდეც კი დარჩეს.