შეხვედრაზე მიხეილ საკაშვილმა თენგიზ გუნავას დამსახურებებზე ისაუბრა და აღნიშა, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის სამეგრელოში კრიმინალთან ბრძოლის საქმეში. ქვეყნის პირველი პირის თქმით, პრეზიდენტის რწმუნებულები რეგიონებში ის ადამიანები არიან, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანია, რომ არ მოხდეს კრიმინალური, კორუმპირებული წარსულის დაბრუნება საქართველოში, როგორც ეს ახალი მთავრობის პირობებში ხდება.
თენგიზ გუნავა შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო, რომელიც არჩევნების შემდეგ სამართალდაცავებმა ორჯერ დააკავეს.
თავადაპირველად იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შეძენა–შენახვისათვის დააკავეს, სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა, მეორედ კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება) და 182-ე მუხლით (მითვისება) წაუყენეს. გამოძიება 3000 ლიტრ ბენზინზე ხარჯთაღრიცხვას ითხოვდა.
გუნავას საქმეზე მოკვლევას აწარმოებს პროკურატურის გენერალური ინსპექცია. გუნავა ირწმუნება, რომ ნარკოტიკი და იარაღი დაკავებისას ჩაუდეს. გუნავა მისთვის ბრალის წაყენებას თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან მეგობრობას და ამ ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებს. მან ჩაიტარა ექსპერტიზა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში არანაირი ნარკოტიკი არ მოუხმარია გარდა მისი დაკავების შემთხვევისა, როცა მის ორგანიზმში იყო ნარკოტიკული საშუალება მორფინი, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, დაკითხვისას წყალში გარეული დაალევინეს. გარდა ამისა, ამტკიცებს, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჯიბეში “მაკაროვის” სისტემის იარაღი ჩაუდეს. თენგიზ გუნავამ მისთვის იარაღის ჩადების ფაქტის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურასაც მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაასწრო იუსტიციის სამინისტროს და საკუთარი გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე ამ საქმესთან დაკავშირებული ხუთი პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვა.
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 2012 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ გამოძებისას ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება, ყველა პირი დაისჯება, იქნებიან ესენი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები თუ გუნავას საქმის პროკურორი.