ახალი ამბები

საჯარო დაწესებულებებს სატელეფონო მომსახურებით “მაგთი” და “ჯეოსელი” უზრუნველყოფს

12 აპრილი, 2017 • 9320
საჯარო დაწესებულებებს სატელეფონო მომსახურებით “მაგთი” და “ჯეოსელი” უზრუნველყოფს

ფიჭური სატელეფონო მომსახურების განმეორებით ტენდერში, რომლითაც საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები უნდა უზრუნველყონ, “მაგთიმ” და “ჯეოსელმა” გაიმარჯვეს.

გამარჯვებული კომპანიები 2018 წლის 31 იანვრამდე უზრუნველყოფენ ამ უწყებების თანამშრომლებს ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურებით.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული 260 000 მომხმარებლის ფიჭური სატელეფონო მომსახურება, რომელიც განხორციელებული იქნება GSM, UMTC, LTE სტანდარტით.

მობილური ტელეფონი

მობილური ტელეფონი

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ზარი კორპორატიულ მომხმარებლებთან უფასოა, პროვაიდერი კომპანიის არაკორპორატიულ მომხმარებლებთან ზარის წამოწყება 5 თეთრია, არაპროვაიდერი კომპანიის არაკორპორატიულ მომხმარებლებთან კი 7 თეთრი ღირს. ხოლო ფიქსირებულ ტელეფონების ქსელში ზარის წამოწყებაა 3 თეთრი.

რაც შეეხება ინტერნეტის პაკეტებს, 15 გეგაბიტი 4.99 ლარი ღირს, 5 გეგაბიტი- 3.99 ლარი, 1 გეგაბიტი- 2.99 ლარი. 500 მეგაბიტი- 1.99 ლარი, 50 მეგაბიტი- 99 თეთრი, 30 მეგაბიტი- 49 თეთრი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადა 2017 წლის 21 მარტს და დასრულდა მეორე დღეს, 22 მარტს.

შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის მიხედვითაც საჯარო უწყებები ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურებით უნდა უზრუნველყონ,  “ბილაინმა” ვერ გაიმარჯვა, ის ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო. ამიტომ გახდა საჭირო ტენდერის ხელმეორედ გამოცხადება.

2016 და 2015 წლებში საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს “მაგთიკომი” ემსახურებოდა, 2014 წელს გამოცხადებულ ტენდერში ორმა კომპანიამ, “ჯეოსელმა” და “მაგთიმ” გაიმარჯვა”. ისინი 300 000 აბონენტს ემსახურებოდნენ. 2014 წელს კომპანია “ბილაინმა” დისკვალიფიკაცია გაიარა.

როგორ გადაინაწილებენ ჯეოსელი და მაგთიკომი საჯარო უწყებებს და რამდენ ლარს მიიღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით როგორც ორივე კომპანიას, ისე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და ამ ინფორმაციას მათგან მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი