საზოგადოება

„გელათს გაიმეორებენ“ — გერგეტის სამების რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიას სახელმწიფომ ხელშეკრულება გაუწყვიტა

9 აგვისტო, 2024 •
„გელათს გაიმეორებენ“ — გერგეტის სამების რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიას სახელმწიფომ ხელშეკრულება გაუწყვიტა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კომპანიასთან, რომელმაც გერგეტის სამების რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, თანამშრომლობა ცალმხრივად გაწყვიტა და შპს „ჯავა კონსტრაქშენს“ პირგასამტეხლოც დააკისრა.

ამის შესახებ სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანიის მხრიდან დაშვებულ დარღვევებზე ისაუბრა.

კომპანიის დირექტორი, ავთანდილ საღრიშვილი, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მას არანაირი დარღვევა არ ჰქონია და თავის მხრივ აპირებს სასამართლოსაც მიმართოს, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს, სააგენტოს ქმედებები კი გელათში განვითარებულ სცენარს დაატრიალებს გერგეტის სამებაშიც.

„სააგენტოს მხრიდან განხორციელებული არაერთი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მნიშვნელოვანი დარღვევით მიმდინარეობდა, რის გამოც სააგენტომ შემსრულებელი არაერთხელ გააფრთხილა წერილობით და სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად წარმართვისკენ მოუწოდა. ასევე, სააგენტომ გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო, მიმდინარე წლის 8 ივლისს, შპს „ჯავა კონსტრაქშენს“ პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრა.

აღნიშნულის მიუხედავად, პროექტით განსაზღვრული ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო – ტაძარზე სახურავის მოწყობა, რომელიც შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით 2024 წლის 25 აპრილს უნდა დაწყებულიყო, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტამდე (2024 წლის 2 აგვისტო) არ დაწყებულა და არ მომხდარა სახურავის მოწყობის სამუშაოთა წარმართვისათვის საჭირო მასალების ადგილზე მობილიზება“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოსა და კომპანიას შორის 27 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 614 000 ლარი იყო, 2 აგვისტოს შეწყდა. კომპანიას კი პირგასამტეხლოს სახით 73 680 ლარის გადახდა დაეკისრა.

თავად სააგენტო მაისში იუწყებოდა, რომ ტაძრის რეაბილიტაცია უკვე დაწყებული იყო.

როგორც სააგენტო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, გერგეტის სამების რეაბილიტაციისთვის განმეორებითი ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. თუმცა ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოცხადების თარიღად 8 აგვისტოა მითითებული.

ავთანდილ საღრიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სააგენტოს მოთხოვნების დაკმაყოფილებას გელათის ამბის განმეორება მოჰყვება გერგეტის სამებაში.

„ტენდერი უნდა გამოვაცხადოთო, ამას კიდევ სამი თვე დასჭირდება. მიმდინარე სამუშაოები გაჩერდება. იქ ზამთარი მოვა. მოთოვს, მოყინავს. სულ გაუბედურდება იქაურობა. ამხელა აწყობილ და მიმდინარე სამუშაოებს მაწყვეტინებენ. ამდენი მასალა, რაც უკვე ჩამოვიტანე, სად უნდა წავიღო?! კიდევ თანხის გადახდას მაკისრებენ!

ირანში წავედი სპილენძის გულისთვის. ჩამოვედი და ეს ამბავი დამხვდა, წერილი ხელშეკრულების შეწყვეტაზე. სპილენძით დატვირთული მანქანა უკან დავაბრუნებინე ირანს. ის მასალა, რაც სამების გადახურვას სჭირდება, ციმბირშია, ყველაფერი გავაკეთე, რაც შეიძლებოდა, ჩამოვიტანე და არ ჩამოგიტანიაო. არ ვიცი, ვინ არიან საერთოდ. არ მიცხოვრია ისე, რომ ამათ ასეთი შეურაცხყოფა მომაყენონ.

ყოველდღე წვიმს. ამინდი არაა სანდო, მაგრამ მუშები ერთი წუთით არ გამიჩერებია. სახურავი რატომ არ მოხსენიო. ძალაზე მადგნენ, მოხსენიო. ვეუბნები, არ მოვხსნი, სანამ ყველა მასალის შეგროვებას და მოტანას არ შევძლებთ-მეთქი. გელათი უნდა განმეორებულიყო, მაგათთვის რომ დამეჯერებინა. ობიექტს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს ეკლესიაა და თან ამ მნიშვნელობის ძეგლია. დაღუპავენ იქაურობას!

რამდენჯერ ვუთხარი, ამინდებიც ისეთია, გრაფიკი გადავანაცვლოთ და ივლისიდან დავიწყოთ გადახურვა-მეთქი. ჩვეულებრივი ამბავია ეს. მაგრამ არ ქნეს. ამდენი სამუშაო უკვე გავწიე და ესეც არაფერი ყოფილა“, — ამბობს ავთანდილ საღრიშვილი.

„ჯავა კონსტრაქშენის“ დირექტორი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, როგორც ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, სასამართლოსთვის მიმართვასაც აპირებს.

„მოვემზადები ამისთვის შესაბამისად და შევიტან სასამართლოში სარჩელს. შევეწირები ალბათ ამ ამბავს. მე თვითონ ავიყვან მედიას იქ და ყველამ თავად ნახოს, რა ხდება და როგორ. მთელი ცხოვრებაა ვაშენებ, სამების ტაძრის ფუნდამენტი მაქვს ჩასხმული, კვიპროსის ღალიის მონასტრის გადახურვა ჩემი გაკეთებულია. ყველაფერში მართალი ვარ და დავამტკიცებ ამას. 2-3 დღეა, სასწრაფო-სასწრაფოზე მიდგას სახლთან. თავი არ დამიზოგავს, მთელი გულით და სულით ვაკეთებ ჩემს საქმეს“, — გვითხრა საღრიშვილმა.

გერგეტის სამება XIV საუკუნეშია აგებული დაბა სტეფანწმინდის მაღალ მთაზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე და ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია. ის ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევის ისტორიულ მხარეში და მისი მთავარი სალოცავიც. კომპლექსში, ტაძართან ერთად შედის მის გვერდით აგებული სამრეკლო და სამხრეთ ფასადზე XV საუკუნეში მიშენებული საბჭეო, სადაც ხევის უხუცესები იკრიბებოდნენ და მხარისთვის მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტდნენ.

როგორც სააგენტოს განცხადებიდან და ტენდერის ტექნიკური დავალებებიდან ირკვევა, გარდა იმისა, რომ ტაძარში წყალი ჩადის, რაც კედლის საფასადე წყობასა და ცოკოლს აზიანებს, ძეგლი საჭიროებს წყლის გადაყვანის სისტემის მოწესრიგებას, ექსტერიერსა და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაციასა და ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექის ნაკადების ეზოსკენ მიმართვას.

რეაბილიტაცია ითვალისწინებს:

  • მთავარ ტაძარზე არსებული სპილენძის საფრის შეცვლას, ნაშვერებისა და საცრემლეების მოწყობას;
  • სამრეკლოს გუმბათზე არსებული ლორფინის ძველი სახურავის რეაბილიტაციასა და მასზე ახალი სპილენძის სახურავის მოწყობას;
  • ლორფინებს შორის არსებული ნაკერების ამოსუფთავება-ამოგოზვას;
  • სამრეკლოს მეორე სართულის გარე ჰორიზონტალურ პერიმეტრზე სპილენძის გადახურვის მოწყობას;
  • ექსტერიერში და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაციას, საპირე ქვებს შორის არსებული ნაკერების ამოგოზვასა და ინტერიერში კამარების რესტავრირებას;
  • ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მეორე სართულზე, არსებული სამალავის ჩამოშლილი კამარების ნანგრევებისგან გაწმენდას და ახალი გადახურვის მოწყობას;
  • ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ფასადის არსებული ცოკოლის ლილვის თავზე დაძრული ქვების კონსერვაციას;
  • ეკლესიის ცოკოლის მთელ პერიმეტრზე ლილვის და ქვებს შორის ნაკერების დამუშავებასა და ამოგოზვას;
  • მეხამრიდის მოწყობას;
  • ეზოში, ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექების გადაყვანის მოწესრიგების მიზნით, ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის მთელ სიგრძეზე არსებული გასასვლელისა და ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით არსებული ფიქალი ქვების მოხსნასა და პროექტის მიხედვით დადგენილი ნიშნულების პარამეტრების დაცვას.

სამუშაოს შესრულების ვადად განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულების გამოფრმებიდან 9 თვეა მითითებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი