ახალი ამბები

2 მილიარდს აჭარბებს “ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიების მოგებული ტენდერები — TI 

9 თებერვალი, 2024 • 1025
2 მილიარდს აჭარბებს “ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიების მოგებული ტენდერები — TI 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) შეფასებით, ქვეყანაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიების მიერ სახელმწიფო ტენდერების გამარტივებულად და საეჭვო პირობებით მოგების შემთხვევებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 10 წელში თანამდებობის პირებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაახლოებით 2 150 000 000 ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგეს.

ორგანიზაცია აქვეყნებს წლების განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებს, სადაც გაანალიზებულია თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ მოგებული სახელმწიფო ტენდერები, კორუფციის რისკები და კავშირი მმართველ პარტიასთან.

მაგალითად, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა, 2016-2023 წლებში, სახელმწიფო შესყიდვებით, ჯამში, 16 520 805 ლარი მიიღო. TI-ის ცნობით, მაჟორიტარი დეპუტატი  ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახავს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებას, კომპანიებსა და ამ კომპანიებიდან მიღებულ შემოსავლებს.

ანზორ ბოლქვაძე 2008 წლიდან პარლამენტის წევრია. დეპუტატობის თითქმის 16- წლიანი გამოცდილებიდან პირველი 8 წლის განმავლობაში ბოლქვაძე “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი იყო, ბოლო 8 წელი კი “ქართული ოცნების” მაჟორიტარია.

ანზორ ბოლქვაძეს არ ჩამორჩება კოლეგა, ვიქტორ ჯაფარიძე. ბოლქვაძის მსგავსად, ჯაფარიძეც, ჯამში, 16 წელია, რაც დეპუტატია. TI-ის ცნობით, 2018-2023 წლებში ჯაფარიძისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა 7 775 565  ლარის შესყიდვები მიიღეს. ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანიამ ტენდერებიდან 6 549 941 ლარი, ხოლო საიდუმლო შესყიდვებიდან, სავარაუდოდ, 13 077 076 ლარი მიიღო.

TI-ს ინფორმაციით, ალეკო ხვისტანი შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” დირექტორია, ხოლო ამ კომპანიის 50% წილს ფლობს მისი მეუღლე მაია ჭელიძე. ეს კომპანია საიდუმლო შესყიდვებში მას შემდეგ მონაწილეობს და იმარჯვებს, რაც მის მმართველობაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავები გამოჩნდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია ვიქტორ ჯაფარიძის ვაჟი, ოთარ ჯაფარიძე.

სხვა მოქმედი და ყოფილი დეპუტატების, მუნიციპალიტეტის მერების თუ საკრებულოს წევრების, სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღანელებისა და მათი ნათესავების მიერ საეჭვო პირობებში მოგებული სახელმწიფო ტენდერების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შედგენილ კორუფციის რუკაზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი