“ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ მომხრე ვართ ამნისტიის, უბრალოდ პარლამენტმა თვითონ ჩააყენა თავისი საქმე ჩიხში, როდესაც ამ საკითხს დაამატა ე.წ. პოლიტპატიმრების სია, რომელიც თავიდან არ იგეგმებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ ერთი, ვენეციის კომისიის მკაფიო პოზიცია იყო, რომ დალოდებოდა პარლამენტი, მერე თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია, იგივე პრემიერმინისტრის პოზიცია”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, საკმაოდ მკაფიო ეჭვები იყო გამოთქმული ამნისტიის კანონის ამ ფორმით მიღებასთან დაკავშირებით, როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის მხრიდან:
“ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ორმა ადამიანმა მისცა ხმა ჩვენი გუნდიდან, მაგრამ მისცა პირველ ვარიანტსაც და მეორე ვარიანტსაც. თვითონ ალბათ გააკეთებენ განმარტებას, რატომ გააკეთეს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ პროექტი გადაგზავნილი იყო პრეზიდენტთან. როგორც კი გადაიგზავნა პროექტი, პრეზიდენტს შეეძლო თეორიულად ათი დღე ემსჯელა, მაგრამ მან მაშინვე, ყოველგვარი მიკიბვ–მოკიბვის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მოაწერს თუ არა ხელს, დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, პროცედურულ ომებს ჩვენ არ ვაპირებთ”, – აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დღეს, 28 დეკემბერს, 91 ხმით დაძლია ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს დაადო. პრეზიდენტმა პარლამენტის გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივი და სამარცხვინო უწოდა:
“პარლამენტმა თავი დაამახსოვრა ხალხს მხოლოდ ორი რამით- პრეზერვატივებზე ბუსუსების აკრძალვით და პედოფილების და ჯაშუშების გარეთ გაშვებით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის გადაწყვეტილების შეფასებისას.