ახალი ამბები

გოცირიძე: კონსტიტუციაში ასევე უნდა ჩაიწეროს, რომ თანაცხოვრების სხვა ფორმები განისაზღვრება კანონით

10 აპრილი, 2017 • 2545
გოცირიძე: კონსტიტუციაში ასევე უნდა ჩაიწეროს, რომ თანაცხოვრების სხვა ფორმები განისაზღვრება კანონით

საიას იურისტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ თუკი საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციაში ქორწინებას განსაზღვრავს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას, მაშინ ასევე უნდა ჩაიწეროს, რომ “თანაცხოვრების სხვა ფორმები განისაზღვრება კანონით”.

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებში გამართული კონსულტაციების შემდეგ, “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში მოცემულია შემდეგი ჩანაწერი:

მუხლი 27 (ქორწინების უფლება)

  1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას.

გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ ამ ჩანაწერის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან და იდეალური ვარიანტი არსებული სტატუსკვოს შენარჩუნება იქნებოდა, რაც სამოქალაქო კოდექსში ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირის თაობაზე არსებულ ჩანაწერს გულისხმობს.

“თუმცა, თუკი უმრავლესობა მაინც მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ ქორწინება განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ამავდროულად, კონსტიტუციაში უნდა გაკეთდეს ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ თანაცხოვრების სხვა ფორმები განისაზღვრება კანონით. თანაცხოვრების ასეთი ფორმა შეიძლება იყოს სამოქალაქო პარტნიორობა, როდესაც სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფ ადამიანიებს გააჩნიათ გარკვეული ქონებრივი უფლებები, მაგალითად, მემკვიდრეობის უფლება, ურთიერთრჩენის ვალდებულება, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე საერთო თანასაკუთრება. კონტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ თანაცხოვრების სხვა ფორმები განისაზღვრება კანონით და შემდეგ იყოს გათვალისწინებული ასეთ ტიპის ქონებრივი გარანტიები სამოქალაქო პარტნიორებს შორის,”- აცხადებს გიორგი გოცირიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი