“კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს ამნისტიის კანონპროექტზე და ვნახოთ, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკვე პლენარული სხდომა,” – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შალვა შავგულიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის, ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებით, პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია:
“მოტივირებულია გადაწყვეტილება ვეტოს გამოყენების შესახებ, სადაც მოყვანილი იყო კონკრეტული არგუმენტები, თუ რა ნაწილებში არ ეთანხმება პრეზიდენტი ამნისტიის კანონს. ძალიან სამწუხარო არის და სავალალო, რომ კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრებს არ გააჩნდათ არავითარი კონკრეტული არგუმენტი, თუ რატომ არ უჭერენ ისინი მხარს პრეზიდენტის ვეტოს, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მიიღეს იმის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობამ, რომ მათ რეკომენდაცია არ გაუწიონ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს გათვალისწინებას სასესიო სხდომაზე.”
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სასესიო სხდომაზე ჯერ კენჭს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პრეზიდენტის ვარიანტს უყრიან და თუ ის ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ დააგროვებს, ძველი ვარიანტის კენჭისყრა განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დროს პრეზიდენტი ამნისტიის საკითხს შეეხო. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს სახელმწიფო გადატრიალების, ჯაშუშებისა და პედოფილიის ნაწილს.