ახალი ამბები

ცვლილებები ჯარის კვებით მომსახურებაში

28 დეკემბერი, 2012 • 1199
ცვლილებები ჯარის კვებით მომსახურებაში

კომპანიის დირექტორმა ნინო გორგაძემ დღეს, 28 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ კვების ხარისხის გაზრდის მიზნით პირველად გამოცხადდება საჯარო შესყიდვა ფასთა კოტირების მეთოდის გამოყენებით.

 

ნინო გორგაძის განცხადებით, ჯარი აქამდე მეორე კატეგორიის ხორცით იკვებებოდა, მომავალში კი მენიუში პირველი კატეგორიის ხორცი შევა:

“მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც უნდა გასცეს პასუხი იმას, თუ რატომ ხდებოდა ასე, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე კატეგორიის ხორცი ჯარში არ უნდა შედიოდეს. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ე.წ. ფასთა კოტირების მეთოდით სპეციალური კომისიის მიერ. ძირითადი აქცენტი, გარდა ფასისა, გაკეთებული იქნება პროდუქციის ხარისხზე. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ცვლილებაა დაგეგმილი და მათ შორის ერთ–ერთი მთავარია ის, რომ პირველი კატეგორიის ხორცი ჩაანაცვლებს მეორე კატეგორიის ხორცს, ამ შემთხვევაში გემოვნური და ხარისხობრივი მაჩვენებლები იქნება ბევრად უკეთესი”.

“ქართული კვების კომპანიამ” გადაწყვიტა კვების პროდუქტების ჩამონათვალი 25 კატეგორიად დაეყო, ცალკე კატეგორიადაა გამოტანილი პური.

 

ნინო გორგაძის განცხადებით, პროდუქტების ასე წვრილად დაყოფა საშუალებას მისცემს ადგილობრივ წარმოებას და საშუალო ბიზნესს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და გაუწიონ კონკურენცია მსხვილ საწარმოებს, რადგან ერთი კომპანია არ იქნება ყველა პროდუქტის მიმწოდებელი:

“ჩვენი მიზანი, ერთი მხრივ, ის იყო, რომ რაც შეიძლება ბევრ კომპანიას მიეღო მონაწილეობა, მეორე მხრივ, ჩართულიყვნენ რეგიონული კომპანიები. ჯერჯერობით შეუძლებელია თქმა, თუ რა რაოდენობის თანხის დაზოგვა მოხერხდება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მაღალი კონკურენციის პირობებში მოხდება ფასის შემცირება”, – განაცხადა ნინო გორგაძემ.

კვების მომსახურებასთან დაკავშირებით საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება თავიდაცვის სამინისტროსა და კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდებზე შეეძლებათ. განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 2013 წლის 5 იანვარია.

ნინო გორგაძის განცხადებით, ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ ტენდერს გამოაცხადებს, რის შედეგადაც “ქართული კვების კომპანია” ტენდერში გამარჯვებული კერძო მფლობელის ხელში გადავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი