ახალი ამბები

ბახვი 3 ჰესის სიმძლავრე 6–დან 9,8 მგვტ–მდე იზრდება

28 დეკემბერი, 2012 • 2501
ბახვი 3 ჰესის სიმძლავრე 6–დან 9,8 მგვტ–მდე იზრდება

ბახვი 3 ჰესის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მისი ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება. ჰესის მშენებლობაში უკვე განხორციელდა 11 მილიონზე მეტი ინვესტიცია.

სახელმწიფო პროგრამის “განახლებადი ენერგია 2008” ფარგლებში პროექტს თურქული კომპანია KMG და ასქართველოში მათი პარტნიორი კომპანია ‘სილქ როუდ გრუპი’ ახორციელებენ. ხოლო გარემოზე ზემოქმედების ანგარიში შპს“გამა კონსალტინგმა” მოამზადა.

როგორც “გამა კონსალტინგის” ეკოლოგიური განყოფილების უფროსი ჯუღული ახვლედიანი აცხადებს, სიმძლავრის გაზრდის შესაძლებლობა პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე გამოიკვეთა:

“სიმძლავრის შეცვლა პროექტში ცვლილებებს მოითხოვდა, ამიტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო ახალი გეგმის მომზადება გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. პირველი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა 2010 წელსაა გაცემული, შემიძლია ვთქვა, რომ ახლა წარმოდგენილი გეგმა ეკოლოგიურად ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე წინა პროექტის გეგმა იყო”, – აცხადებს ჯუღული ახვლედიანი. მისი თქმით, ერთადერთი მნიშვბნელოვანი საფრთხე უკავშირდებოდა თევზების გადაშენებას, თუმცა ამ მხრივ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა:

“იმის გამო, რომ თევზებს საფრთხე არ დაემუქროთ, გარდა იმისა, რომ დაიგეგმა თევზსავალის მოწყობა, პროექტში შევიდა ცვლილება და წყლის რაოდენობა, რომელიც კალაპოტში დარჩება და რომელიც ძირითადად წყლის საერთო რაოდენობის 10%–ს შეადგენს ხოლმე, ამ შემთხვევაში 23%–დან 30%–მდე იქნება”

კომპანია KMG–ს წარმომადგენლის ვახტანგ ღონღაძის თქმით, გარემოზე ზემოქმედების ანგარიში რამდენიმე დღეში გარემოს დაცვის სამინისტროს და სხვა უწყებებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეგზავნებათ:

“ჩვენი სურვილია ფართოდ მოხდეს მონაწილეობის მიღება როგორც საზოგადოების, ასევე არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით გარემოს დამცველი ორგანიზაციების მხრიდან. ანგარიშის დაგზავნიდან არაუმეტეს 50 დღის განმავლობაში საჯარო განხილვა მოეწყობა და ჩვენ შევეცდებით შენიშვნები გავითვალისწინოთ, ხოლო შემდეგ, 20 სამუშაო დღის განმავლობაში სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ვახტანგ ღონღაძე.
რაც შეეხება ბახვი 1 და ბახვი 2–ს, კომპანია KMG–ს წარმომადგენლის განცხადებით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ბახვისწყლის ხეობაში ჯერ კვლევები მიმდინარეობს, ხოლო ბახვი 5–ზე ანგარიში უკვე მომზადებულია და კონსულტაციები მიმდინარეობს.

საბოლოოდ ბახვისწყალზე კასკადური ტიპის ჰესების- ბახვი1, ბახვი2, ბახვი3 და ბახვი5–ის აშენების შემთხვევაში 55მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის შექმნაა დაგეგმილი. ჰესები ზამთრის პერიოდში ან საჭიროების შემთხვევაში გამომუშავებულ ენერგიას სრულად მიაწვდის საქართველოს, ხოლო სხვა პერიოდში გამომუშავებული ენერგიის იმპორტი მოხდება.


მასალების გადაბეჭდვის წესი