“პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ განხორციელდეს ამნისტია იმ შესაძლო დანაშაულებზე, რომლებიც ძიების პროცესშია, გარდა ძალადობრივი დანაშაულებისა”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი და იქვე აკონკრეტებს, რომ ამაში იგულისხმება მკვლელობა, წამება და მსგავსი სახის დანაშაულები, რასაც ამნისტია არ შეეხება
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ათობით ათასი ადამიანია, რომელიც ემსახურებოდა წინა სისტემას, ჩადიოდა სხვადასხვა სახის დანაშაულს და თავად იყვნენ სისტემის მსხვერპლნი, ამდენად, ახალი მთავრობა არ აპირებს მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცცემით ციხეების გავსებას.
“ჩვენ შევუნდობთ მათ, მაგრამ სიმართლე ითქმება”, – აცხადებს უსუფაშვილი. მისივე თქმით, ორივე მხარემ უნდა გამოხატოს კეთილი ნება, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე და ყველა დაზარალებულს მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია.
“ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ადამიანებს, გაიაზრონ თავიანთი ქმედებები, დანაშაულის სიმძიმე და არ გვინდა ეს ციხის მეშვეობით მოხდეს”, – აცხადებს უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ცვლილების შედეგად, რამდენიმე ათეულ ადამიანს – ყოფილ თანამდებობის პირს წარედგინა პროკურატურის მიერ სხვადასხვა სახის ბრალდება.