ახალი ამბები

უსუფაშვილი: ეს ეტაპი დასრულდა – რეჟიმი სრულად არის გაშიშვლებული

28 დეკემბერი, 2012 • 908
უსუფაშვილი: ეს ეტაპი დასრულდა – რეჟიმი სრულად არის გაშიშვლებული

უსუფაშვილის თქმით, უმრავლესობის მიერ ინიცირებული შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი დღეს შევა პარლამენტში.

 

“ჩვეს 2-3 ოქტომბერს ვერ ვიტყოდით, რომ მორჩა ყველაფერი. გარკვეული დრო დაჭირდა, რომ ძალიან ბევრი რამ გამხდარიყო აშკარა, მტკიცებულებებით გამყარებული, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს ეტაპი დასრულდა – რეჟიმი სრულად არის გაშიშვლებული”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსტუტუციის შესაბამისად, პრეზიდეტს აქვს უფლება ნებისმიერ მომენტში უაპელაციოდ დაითხოვოს მოქმედი მთავროვა და შემდეგ, თუ სამჯერ არ დაამტკიცებს პარლამენტი მის მიერ შეთავაზებულ მთავრობას, მაშინ თვითონ დანიშნოს.

 

“ეს ნიშნავს, რომ ერთ კაცს ეძლევა უფლება, იგნორირება გაუკეთოს მოსახლეობის ნებას და ჰქონდეს გამართლება, რომ კონსტიტუცია მას ამის უფლებას აძლევს”, – განმარტავს უსუფაშვილი.

 

მისივე თქმით, კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტს არა აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება პირველი ექვსი თვის განმავლობაში. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ თუკი პრეზიდენტი ამ ექვსთვიანი ვადის გასვლამდე დანიშნავს მთავრობას, შემდეგ, ახალ, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს ჩაატარებს უკვე ახალი, სააკაშვილის მიერ დანიშული მთავრობა.

 

“ამ მომენტში გადაწყვიტა ჩვენმა კოალიციამ, რომ შევაჩეროთ ეს პროცესი, შევაჩეროთ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ამ არასწორ გზაზე”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 

მისივე თქმით, ორი გზით შეიძლება ამ ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა. ერთი – რომ 2010 წელს კოსნტიტუციაში შესული ცვლილება, რომლითაც საპარლამენტო მართვის მოდელზე 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადადის საქართველო, ამოქმედებულიყო ვადაზე ადრე.

 

“მაგრამ აქ გამოჩნდა ასეთი ვითარება, რომ თითქოს ახლად მოსული მთავრობა ცდილობდა წაერთმია ყველაფერი პრეზიდენტისთვის და ასე წარმოაჩენდნენ ოპონენტები ამას. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელი არ ვახლოთ პრეზიდენტის არც ერთ უფლებამოსილებას, გარდა ერთისა, რომ მან ერთპიროვნულად ვერ შეცვალოს საქართელოს მთავრობა, ქართველი ხალხის ნების გარეშე, რომელსაც გამოხატავს პარლამენტი”, – აცხადებს უსუფაშილმა.

 

ამდენად მმართველი კოალიცია შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მეორე გზას ირჩევს – პრეზიდენტს მიეცეს პარლამენტის ექვს თვემდე ადრე დათხოვნის უფლება. ამ შემთხვევაში ინიშნება პარლამენტის ვადამდელი არჩევნები, მხოლოდ არჩევნებს ატარებს მოქმედი, ანუ ივანიშილის მთავრობა.

 

უსუფაშვილი აცხადებს, რომ ამ ინიციატივიდან გამომდინარე, კოალიციაში მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში შეჩერდეს ყველა იმ კანონპროექტის მიღება დღეს წარდგენილი ფორმით, რომელიც პრეზიდენტს გარკვეულ უფლებებს ართმევს და გადადის მთავრობის კომპეტენციაში. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამის გამო არ იქნა გუშინ მიღებული სახელმწიფო დაცვის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც პრეზიდენტიდან მთავრობის დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყო ეს სამსახური. 

 

“მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და პრეზიდენტს ვეუბნებით – დაიტოვე, რაც გჭირდება დასაცავად”, – აცხადებს უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი