ახალი ამბები

სეისმოლოგიური ცენტრი: პანიკის საფუძველი არ არსებობს

26 დეკემბერი, 2012 • 4120
სეისმოლოგიური ცენტრი: პანიკის საფუძველი არ არსებობს

“გთხოვთ, დაგვეხმარეთ და გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ შეუძლებელია წინასწარ მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ეს რომ წინასწარ გვცოდნოდა, გუშინ რომ მოხდებოდა მიწისძვრა, გუშინაც გავავრცელებდით ამ ინფორმაციას,” – უთხრეს “ნეტგაზეთს” სეისმოლოგიურ ცენტრში. 

 

მათივე ცნობით, განმეორებითი ბიძგები შეიძლება დაფიქსირდეს, ან შეიძლება აღარც განმეორდეს.

 

ბათუმში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე წუთში მოსალოდნელია ძლიერი მიწისძვრა, ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან დაურეკეს მშობლებს და აცნობეს, რომ სასწრაფოდ წაიყვანონ ბაღიდან მათი შვილები. სამსახურებდან გამოვიდნენ ადამიანები და ქუჩაში დგანან მიწისძვრის მოლოდინში. რესპუბლიკური საავადმყოფოდან გამოვიდნენ ავადმყოფები და ქუჩაში დგანან. 

 

მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ ხმა ბათუმის გარდა ასევე გავრცელდა ქუთაისში, რის გამოც საბავშვო ბაღებიდან ბავშვები სახლში გაუშვეს. პანიკაა ქუთაისის ქუჩებშიც, მოვაჭრეები კეტავენ მაღაზიებს და ზოგიერთ უბანში მოსახლეობა კორპუსების ეზოშია შეკრებილი და შენობაში შესვლისგან თავს იკავებენ.

 

„არ ვიცი, ვნ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ვიღაც ერთობა და ქმნის პანიკას, ჩვენ მსგავსი განცხადება არ გაგვიკეთებია. ვთხოვთ დახმარებას ჟურნალისტებს, ყველაზე მეტად თქვენ შეგიძლიათ გააგებინოთ ხალხს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

 

მიწისძვრა ხდება ყოველდღე და თუ კი დავპანიკდებით, მაშინ ვერც სკოლაში ვივლით და ვერც ბაღში და ვიცხოვროთ ქუჩაში. ძლიერი მიწისძვრის პროგნოზირება არ ხდება,” – ამბობს ნინო თვარაძე, ილიაუნის სეისმოლოგიური ცენტრის საინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელი.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას დასავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ასევე დაფიქსირდა 23 დეკემბერს. ეპიცენტრი იყო შავი ზღვის სანაპიროდან 30 კილომეტრში.

მასალების გადაბეჭდვის წესი