ახალი ამბები

დეპუტატები შს სამინისტროს მიერ ავტომანაქანების ყიდვას აფასებენ

25 დეკემბერი, 2012 •
დეპუტატები შს სამინისტროს მიერ ავტომანაქანების ყიდვას აფასებენ

შსს–ს გადაწყვეტილებით, წინა ხელისუფლების მიერ შეძენილი 50–მდე მანქანა იყიდება, რომელთა წინასწარი ჯამური რაოდენობა 3 მილიონამდე ლარია, სანაცვლოდ კი შსს–მ ‘ტოიოტა ცენტრი თბილისისგან’  35 ავტომანქანა შეიძინა, რაც 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ აღნიშნული ავტომობილები აპარატის თანამშრომლებისთვის არ არის განკუთვნილი:

“არავითარ შემთხვევაში. არ ვიცი ეს. აპარატისთვის რომ არ ყიდულობს, ეს ნამდვილად ვიცი. ეს იქნება ალბათ მესაზღვრეები და პოლიცია და პატრული, თორე არავითარ შემთხვევაში აპარატისთვის არ იქნება, რადგან ჩვენ, პირიქით, მივდივართ შემცირებაზე მაქსიმალურად.”

 

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურია:

 

“კარგია, რომ იყიდება ძალიან ძვირადღირებული მანქანები, რომლებიც არ ჭირდება ნამდვილად სამინისტროს და ძალიან კარგი იქნება, რომ მოხდება აუქციონზე გაკეთებული დანაზოგით სხვა უკეთესი რაღაცების გაკეთება”.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ჯერ არ ჩანს, რა სახის დანაზოგი გაკეთდება:

 

“მოდით, ასე თქვათ, ჯერ გაყიდონ ის, რაც გასაყიდია. ერთია, თქვენ რამდენად აფასებთ და მეორეა, რამდენად იყიდება ეს მანქანა, ხო? არ ვიცი, მე ასეთი დეტალებით ნაკლებად ვინტერესდები, მანქანა მანქანაა.”

 

უმცირესობის კიდევ ერთი წევრი ლევან ბეჟაშვილი კი მიიჩნევს, რომ შს სამინისტროს განცხადება ძვირადღირებულ მანქანების შესახებ პიარზე იყო გათვლილი:

 

“შს სამინისტროს გუშინდელი განცხადება პიარისთვის განკუთვნილი განცხადებაა. ვნახავთ, შემდგომში კიდევ მოგვეცემა ადმინისტრაციული ხარჯების გაკონტროლების საშუალება. წარმოდგენილ ბიუჯეტშიც კი საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა არის ადმინისტრაციული ხარჯების. ჩვენ ვხედავთ, რომ სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელები და ცალკეული თანამდებობის პირები ისევ აგრძელებენ კარგი ავტომობილებით სიარულს, იგივე საპრემიო განაკვეთებს ღებულობენ, რაც ადრე იყო და ასე შემდეგ. ამიტომ სამინისტროს განცხადება უფრო პიარზე გათვლილი განცხადება იყო. “

 

ახალი ავტომანქანები ბოლო ერთი თვის მანძილზეა შეძენილი, დაფინანსების წყაროდ კი 2012 წლის ბიუჯეტია მითითებული.

 

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, “შსს-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს ბალანსზე არსებული ძვირადღირებული, ელიტური ავტომანქანები აუქციონის წესით გაიყიდება. ზოგიერთი მათგანის  ღირებულება 100 000 დოლარს აღემატება,  ხოლო  მათი საერთო ტექნიკური მომსახურება წელიწადში მილიონ ლარზე მეტი  ჯდებოდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი