“ჩვენი მხრიდან უსუფაშვილი მუშაობს, რაღაც ამნისტიის მსგავსი ახლავე შევქმნათ, რომ საჯარო მოხელეებისთვის (არა მინისტრის და არა პარლამენტარის დონეზე), რომლებმაც გადააჭარბეს უფლებამოსილებას, მოიძებნოს კანონიერი გზა, რომ წინასწარ ვაპატიოთ, ეს ვითარება ჩაცხრეს და მათაც დაკარგონ შიში და ნორმალურად იმუშაონ,” – განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილი აკონკრეტებს, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა სისხლის სამართლის დანაშაულს არ შეეხება. თუმცა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის ქვემდებარეა სამოხელეო დანაშაულები.
“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, თუ რა კომპონენტებს შეიცავს კანონპროექტი და რა ეტაპზეა კანონპროექტის შემუშავების პროცესი.
მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის ნათია ახალაიას თქმით, უსუფაშვილს არ სცალია, რის გამოც კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა:
“ბატონ დავითს 1 კვირა არ სცალია, ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს და კომენტარს ვერ გააკეთებს.”
“რესპუბლიკური პარტიის” და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას სმენია აღნიშნული კანონპროექტის შესახებ, თუმცა კომენტარს ვერ გააკეთებს:
“სხვის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. არ ვიცი, რა სტადიაშია პროექტი.”
იმავეს იმეორებს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ნტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია:
“ჯერ იდეის დონეზეა, კომენტარს ვერ გავაკეთებ. სხვა დეტალები არ არის დაზუსტებული.”
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შალვა შავგულიძის განცხადებით, არსებობს ამ კანონპროექტზე მოსაზრება, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე არ მუშაობენ:
“ასეთი მოსაზრება არსებობს და მისასალმებელია, ანუ თუ არ არის ძალიან მძიმე კატეგორიის დანაშაულები ჩადენილი სახელმწიფო მოხელეთა მიერ, გარკვეული შეღავათები იქნეს გამოყენებული ასეთ შემთხვევებში”.
კითხვაზე, როცა ივანიშვილმა აცხადებს, რომ აღნიშნული ამნისტია არ შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, რა აზრი აქვს კანონპროექტის მიღებას, შავგულიძე პასუხობს:
“მე ვერ გავიზიარებ თქვენს პოზიციას, რომ ბატონი ბიძინას მიერ ნათქვამი იყოს ესე, რომ ეს არ შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულს. მე არა მგონია, რომ ეს ამ კონტექსტში ყოფილიყო ნათქვამი.”
მისივე განმარტებით, დანაშაული მხოლოდ სისხლის სამართლში არსებობს და თუკი დანაშაული არ არსებობს, გაუგებარია, რა ამნისტირებაზე და რა პატიებაზეა საუბარი:
“თუკი საუბარია რაღაც გარკვეულ ამნისტირებაზე ასეთი ქმედებების, ეს არის ისეთი ქმედებები, რომელიც დანაშაულია. დანაშაული მხოლოდ სისხლის სამართალში არსებობს, სხვაგან დანაშაული არ არსებობს და თუკი დანაშაული არ არსეობს, რის ამნისტირებაზე და რის პატიებაზეა საუბარი?! ასე რომ, აქ, ალბათ, სწორედ სისხლის სამართლის დანაშაულები იგულისხმებოდა”.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის კოდექსის ქვემდებარეა სამოხელეო დანაშაულები, როგორიცაა: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება, განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა, ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი გულგრილობა და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ხშირ შემთხვევაში სწორედ სისხლის სამართლის დანაშაულებისთვისაა წაყენებული.