ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, პროცესი ჯანსაღად მიმდინარეობს:
“მე მაქვს ეს ინფორმაცია სხვა დეპუტატებთან დაკავშირებითაც, რომ ისინი აპირებენ გადახედონ თავიანთ პოზიციებს. ბუნებრივია, არჩევანის უფლება აქვს ნებისმიერ დეპუტატს, იყოს ის “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში, თუ იყოს უპარტიო, ან შეუერთდეს რომელიმე ფრაქციას. მე ვფიქრობ, რომ ჯანსაღი პროცესია და ძალიან კარგი პროცესია”.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტარების მიერ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების პროცესი კიდევ გაგრძელდება:
“ბატონი გოჩა ენუქიძის ნაბიჯი არის საერთო პროცესის დასაწყისი თუ გაგრძელება, რაც არის პარლამენტში ზოგადად და რაც ხდება უმცირესობაში. უმცირესობაში ნამდვილად არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ნამდვილად არ დაიმსახურეს ის რისხვა, რაც საზოგადოებას “ნაც. მოძრაობის” მიმართ აქვს. ეს ადამიანები ზოგი პარლამენტში, პირდაპირ ვიტყვი, რომ შეიძლება დაძალებითაც მოხდვნენ. იმიტომ, რომ ბიზნესის წარმომადგენლები ზოგ შემთხვევაში იყვნენ გარკვეული წნეხის ქვეშ, რათა მათ კენჭი ეყარათ მაჟორიტარებად სხვადასხვა რაიონებში. იცოდა რა ხელისუფლებამ, რომ დიდი შანსი ჰქონდათ გამარჯვების. ასე რომ, მე მგონია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.”
გოჩა ენუქიძე, რომელიც რუსეთის უმსხვილესი საერთაშორისო ნავთობკომპანია “ლუკოილის” ბრენდის ქვეშ საქართველოში მოქმედი ბენზინგასამართი სადგურების მფლობელია, საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.
საკუთარი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ენუქიძე 26 მსხვილი კომპანიის მფლობელია, მათ შორისაა “ლუკოილის” სტრატეგიული პარტნიორი – შპს “იბერკომპანი”, ასევე, “იბერია ბიზნეს ჯგუფი”, “კია მოტორს ჯორჯია”, საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” და ა.შ. ამ კომპანიების საქმიანობის შედეგად ენუქიძემ გასულ წელს 1 მილიონ 200 ათასამდე ლარის შემოსავალი მიიღო. გოჩა ენუქიძე ასევე ფლობს აქციების წილს “ლიბერთი ბანკში”. ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი და ამჯერად უკვე დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე არის საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების მესაკუთრე თბილისში, მცხეთაში, საგურამოში, ბაკურიანში, წყნეთში.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მერე ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და ისინი დამოუკიდებელ წევრებად განაგრძობენ საპარლამენტო მუშაობას.