ახალი ამბები

2016 წელს ომბუდსმენს 8 827-ჯერ მიმართეს – ყოველწლიური ანგარიშის აქცენტები

1 აპრილი, 2017 • 2628
2016 წელს ომბუდსმენს 8 827-ჯერ მიმართეს – ყოველწლიური ანგარიშის აქცენტები

საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის ყოვლწლიური ანგარიშის მოსასმენად ემზადება. პრობლემები და საკითხები, რომლის შესახებაც უჩა ნანუაშვილმა უნდა ისაუბროს ყველა სფეროს მოიცავს. ომბუდსმენის ცნობით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატში. 8 827 განცხადება/საჩივარი შევიდა.

სასახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წინა წლების რეკომენდაციების გათვალისწინებისას პარლამენტი სურვილისამებრ ირჩევდა რეკომენდაციებს და სახეცვლილი ფორმით ამტკიცებდა მათ:

“ეს არ არის გამართლებული, ვინაიდან შესაძლოა პარლამენტის დადგენილებაში არ მოხვდეს საქართველოს მთავრობისათვის ყველაზე კრიტიკული, ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისათვის აუცილებელი რეკომენდაციები,  რაც თავის მხრივ შეასუსტებს საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ამიტომ სასურველია, საქართველოს პარლამენტმა იმ სახით ასახოს რეკომენდაციები სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ მიღებულ დადგენილებაში, როგორც თავად ანგარიშშია წარმოდგენილი”

[gray_box]გახმაურებული საქმეები[/gray_box]

გახმაურებული საქმეებიდან ანგარიშში მოხვდა ე.წ. ციანიდის საქმე, რომელზეც ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მხარეთა თანასწორობის უფლება დარღვევა, რადგან საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაცვის მხარეს გაუთქმელობის პირობის ჩამოართვა, მაშინ როცა პროკურატურა თავად ასაჯაროებდა საქმის სხვადასხვა დეტალებს.

საქართველოს სახალხო დამცველი დაგვიანებულად აფასებს სამართალდამცავთა რეაგირებას 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, სადაც საპროტესტო აქცია სწრაფად გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელსაც შედეგად ძალადობა, ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება და ქონების განადგურება მოჰყვა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესს, ისევე, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი ამედიის თავისუფლების კონტექსტში განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხე.

[yellow_box]პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობა [/yellow_box]

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ კვლავ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემა. 2015 წელთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია დაზიანებით შესახლებულ პირთა და პოლიციის მიმართ პრეტენზიების რაოდენობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2016 წელს იზოლატორში შესახლებულ პირთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით დაზიანებით შესახლებულ და პოლიციის მიმართ პრეტენზიის მქონე პირთა ხვედრითი წილი ყველაზე მაღალია. 2015 წელთან შედარებით ასევე გაზრდილია დაკავებისას ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების შემთხვევათა რაოდენობა.

“შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომ შესწავლილი სისხლის სამართლის საქმეებიდან თითქმის ნახევარ შემთხვევებში დაკავებულ პირს საერთოდ არ ჰყოლია ადვოკატი. პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება, დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაკავებული პირის მიერ პროცედურული უფლებებით არაჯეროვნად სარგებლობა და სხეულის დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირება კვლავ გამოწვევად რჩება პოლიციის სისტემისათვის. ამდენად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობაზე მკაცრი კონტროლის დაწესება და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა. აუცილებელია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ზემდგომი თანამდებობის პირებისგან მიიღონ მკაფიო გზავნილი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება”- მიიჩნევს სახალხო დამცველი.

[red_box]პირადი ცხოვრების ხელყოფა და მოსმენების კანონი [/red_box]

საჯარო პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ამბობს, რომ გამოძიების კუთხით საქართველოს მთავარ პროკურატურას ადეკვატური ზომები არ გაუტარებია. საქართველოს სახალხო დამცველი არასაკმარისად აფასებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობას აღნიშნული დანაშაულების გამოძიების საქმეში და მოუწოდებს მას, იმოქმედოს დროულად და ეფექტურად  და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფის ფაქტების მასშტაბურობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი აკვირდებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. 2017 წლის 1 მარტს მიღებული ცვლილებების მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების გატარების მიზნით, შეიქმნა სსიპ „საქართველოს ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო“. მართალია, სააგენტოს ფორმალურად დამოუკიდებლობის გარკვეული ელემენტები აქვს, თუმცა იგი რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში, ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებას.

ამასთან, „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში კვლავ რჩება ნორმა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს აძლევს უფლებას, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა. სახალხო დამცველი არაეფექტიანად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის – ნდობის ჯგუფის უფლებამოსილებას. შემოწმებას ატარებს ნდობის ჯგუფის მიერ შერჩეული ერთი წევრი, წელიწადში მხოლოდ ორჯერ, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს კონტროლის მექანიზმში საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობას.

“შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ შეიძლება შეფასდეს ადამიანების პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მნიშვნელოვანი საფრთხის გამომრიცხავ გარანტიად.”- ამბობს სახალხო დამცველი.

[blue_box] უმცირესობის უფლებები[/blue_box]

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის და თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული სისტემური პრობლემები უცვლელია. რელიგიურ უმცირესობებს საკულტო თუ სხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისას კვლავ ექმნებათ ბარიერები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან. ეროვნული უმცირესობები კვლავ ნაკლებად იყვნენ ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

“განსაკუთრებით  მძიმეა ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობა. არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების საპასუხოდ, სახელმწიფოს მიერ, ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავ მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს. სამწუხაროდ, ლგბტი ადამიანები ვერ ქმნიან საკუთარ უფლებრივ და სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ დღის წესრიგს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და  ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას, ასევე ლგბტი ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების უპირობო განხორციელებას”, – ნათქვამია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი