ახალი ამბები

“5 ლარი, 40 ლარი, 52 ლარი” — რას უხდიან სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს

1 აპრილი, 2021 • 3502
“5 ლარი, 40 ლარი, 52 ლარი” — რას უხდიან სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს

შსს-ში ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 40 ლარს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის #17 განყოფილებაში ყაზარმულ რეჟიმზე მყოფ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს კი 5 ლარს უხდიან — ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის 2020 ანგარიშში, რომელიც პირველ აპრილს გამოქვეყნდა. დოკუმენტში ყურადღება ეთმობა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების უფლებრივ მდგომარეობას, მათ საცხოვრებელ პირობებსა და ანაზღაურებას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური

ანგარიშის თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში მომსახურე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების უფლებრივი მდგომარეობა “კვლავ შემაშფოთებელია”.

ეს ადამიანების  სამ დღეში ერთხელ მსახურობენ მორიგეობით, მათი მოვალეობა კი პენიტენციური დაწესებულების პერიმეტრზე განთავსებულ კოშკურებსა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე 24-საათიანი მორიგეობაა.

სახალხო დამცველის თქმით, ხსენებული სამმართველოს მე-17 განყოფილებაში, რომელიც ყაზარმულ რეჟიმზეა, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები უმეტესწილად ვერ სარგებლობენ კუთვნილი შვებულებით, რაც გამოწვეულია სამხედრო მოსამსახურეთა არასაკმარისი რაოდენობით.

ამასთან, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობენ სამ დღეში ერთხელ, არ არიან უზრუნველყოფილნი საკვებით, მათ ყოველ ჯერზე სახლიდან უწევთ საკვების მოტანა. ანგარიშის მიხედვით, ასევე არ არის უზრუნველყოფილი ტრანსპორტირების ხარჯები მათი საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე, არც ჰიგიენის საშუალებები ეძლევათ და საკუთარი ხარჯებით უწევთ შეძენა, იმ პირობებში, როდესაც მათი ყოველთვიური ხელფასი 52 ლარია.

ამავე განყოფილებაში ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება მხოლოდ 5 ლარია. სახალხო დამცველის სიტყვებით, გამომდინარე იქიდან, აქ ჩარიცხულ სამხედროთა უმრავლესობა სხვადასხვა რეგიონის მკვიდრია, მათ ეს ანაზღაურება არ ჰყოფნით საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე, წელიწადში ორჯერ, ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად.

რიგი პენიტენციური დაწესებულებების სამხედრო განყოფილებებში არსებული საცხოვრებელი პირობები არადამაკმაყოფილებლად არის შეფასებული.

“პირადი შემადგენლობის სამოქალაქო ტანსაცმელი მათ პირად ზურგჩანთებში უწყვიათ, რადგან თითქმის არსად არის ინდივიდუალური კარადები და აქვთ მხოლოდ ტუმბოები.

ოთახებში შეყვანილია ცენტრალური გათბობა. ბუნებრივი განათება და განიავება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ხელოვნური განათება საკმარისი არ არის.

უმეტეს შემთხვევაში, ოთახებში დაზიანებულია ჭერი და იატაკი. ანტისანიტარიაა სველ წერტილებში და სასადილო კუთხეში, ხელსაბანებში არ მოდის თბილი წყალი. პანდემიის დაწყების პერიოდიდან, ჩვენს ვიზიტებამდე პერიოდში (2020 წლის მარტიდან 2020 წლის აგვისტომდე), დამლაგებელი არ ჰყოლიათ №3 და №14 დაწესებულებებში”.

შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტი

ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს სისტემის ადმინისტრაციული შენობების, აგრეთვე სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა.

სახალხო დამცველის ცნობით, ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება აქ  40 ლარს შეადგენს, ხოლო 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე მყოფი სამხედროების ანაზღაურება 24.85 ლარია, რაც საკმარისი არ არის ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად და საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე საკუთარი ხარჯებით უწევთ გადაადგილება.

ანგარიშის მიხედვით, ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით. ხოლო 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე მყოფ რიგ სამხედრო განყოფილებებში, ყოველ განწესში გასვლის დღეს, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს კვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ბარათზე ერიცხება 12 ლარი. სამხედროებმა ინტერვიუს დროს თქვეს, რომ ეს მხოლოდ ორჯერადი კვებისთვის არის საკმარისი.

დეპარტამენტის ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელ პირობებზე საუბრისას, ანგარიშში ყურადღებას სივიწროვეზე ამახვილებენ.  II სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილების ერთ-ერთ დანაყოფში არსებული “განსაკუთრებით სავალალო” ვითარება ასეა აღწერილი:

“საძინებელი ოთახი განთავსებულია სარდაფში, სადაც არ არის ფანჯარა ან რაიმე ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება და ოთახში გაყვანილია შენობის სავენტილაციო მილები, რომლებიც ორიარუსიანი საწოლების თავზე გადის. დაბალი ჭერის პირობებში, საწოლსა და მილს შორის მანძილი ძალიან მცირეა. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ვენტილაცია გამოსულია მწყობრიდან, ასევე შეუძლებელია ოთახის ბუნებრივი განიავება”.

რამდენიმე შემთხვევაში საუბარია, რომ სამხედრო მოსამსახურეებს თავად უწევთ კონკრეტული არეალის დალაგება, ვინაიდან არ ჰყავთ დამლაგებელი.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, უმრავლეს შემთხვევაში, მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზე იმყოფებიან.

სამხედრო მოსამსახურეთა ნაწილი ჩარიცხულია დაცვის ოცეულებში, მათი ფუნქციაა ბაზის ტერიტორიის დაცვა და შიდა განაწესის შესრულება, ხოლო დანარჩენ განყოფილებებში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ფუნქცია-მოვალეობებს შორისაა განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალებების შესრულება, შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ა.შ.

მათი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 24.85 ლარს. ასევე, დანამატის სახით იღებენ ანაზღაურებას, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.

წვევამდელი, სამინისტროში სამხედრო სამსახურის მოსახდელად, გადის სპეციალურ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადით.  თუმცა, ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩარიცხვისას ზოგიერთ წვევამდელს სწავლების გავლა უწევს 45 დღის განმავლობაში, ზოგიერთს კი, 20 ან ნაკლები დღით.

“მათი გადმოცემით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით, კონკრეტულ ნაკადში გაწვეულმა (საგაზაფხულო ან საშემოდგომო გაწვევა) შემადგენლობამ სამხედრო ფიცი ერთდროულად უნდა დადოს.

შესაბამისად, სანამ აღნიშნული ნაკადი სრულად არ დაკომპლექტდება, გაწვევის საწყის ეტაპზე მიღებულ წვევამდელებს ხშირად უწევთ დაელოდონ ნაკადის სრულ დაკომპლექტებას, დამატებით, საშუალოდ – 2 კვირამდე ვადით, მიუხედავად იმისა, რომ პირველადი სპეციალური თეორიული და პრაქტიკული სწავლება გავლილი აქვთ და მზად არიან სამხედრო ფიცის დასადებად”, — აღნიშნულია ანგარიშში.

თავდაცვის სამინისტრო

სახალხო დამცველის ანგარიშში  დადებითად არის შეფასებული თავდაცვის სამინისტროს მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული საკარანტინო ღონისძიებები, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში სპეციალურად მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებში.

შესაბამისი ბრძანების ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა დიდი ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. 2020 წლის 21 მარტიდან კი, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად, საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა.

“ამ პერიოდში, განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე მყოფი თითოეული სამხედრო და სამოქალაქო პირი საქვაბე კმაყოფაზე იმყოფებოდა და უზრუნველყოფილი იყო სამჯერადი კვებით, მათ შორის, დამხმარე მოსამსახურეები;

…პირად შემადგენლობას გადაეცა თავის მოვლისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები; ყაზარმულ მდგომარეობაზე მყოფი პირადი შემადგენლობისთვის უზრუნველყოფილი იყო გარე სამყაროსთან და ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, ასევე, საინფორმაციო მედიასაშუალებებზე წვდომა”, — ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, პირად შემადგენლობას ინტერნეტთან 24-საათიანი წვდომა აქვს, თუმცა თავდაცვის ძალების რიგ სამხედრო ნაწილებში ინტერნეტთან წვდომა ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ასევე, დადებითად არის შეფასებული საცხოვრებელი ყაზარმების, სველი წერტილების, სასადილოების რემონტი და სხვა სამჯუშაოები ყველა იმ სამხედრო ნაწილში, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საანგარიშო პერიოდში მოინახულეს.

თუმცა, ომბუდსმენის თქმით, კვლავ აღმოუფხვრელი პრობლემაა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა დასჯის მიზნით და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა – „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ პრინციპით.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ აღმოუფხვრელ პრობლემად რჩება თარჯიმნის შტატის არარსებობა იმ სამხედრო ნაწილებში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გადიან. ომბუდსმენის თქმით, მოწვეული პედაგოგების მიერ მხოლოდ განსაზღვრული ჩატარებული გაკვეთილები საკმარისი არ არის.

“ამასთანავე, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ენაში ამგვარი ფორმით მომზადების პროგრამა არ არის ეფექტიანი, ვინაიდან ჩვენ მიერ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში, 2018-2020 წლებში ჩატარებული მონიტორინგების მიმდინარეობისას, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან გასაუბრება მხოლოდ სხვა სამხედრო მოსამსახურეთა დახმარებით იყო შესაძლებელი”, — ნათქვამია ანგარიშში.

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სახალხო დამცველის წლიური ანგარიში პირველ აპრილს გამოქვეყნდა. 486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი