ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსული სამედიცინო პოლისები აფხაზებისთვის, საქართველოში მკურნალობის სანაცვლოდ

29 მარტი, 2017 • 8014
რუსული სამედიცინო პოლისები აფხაზებისთვის, საქართველოში მკურნალობის სანაცვლოდ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ანზორ გოოვის განცხადებით, ახალი სამედიცინო პოლისები, რომლებიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება, შეამცირებს იმ აფხაზების რაოდენობას, რომლებიც საქართველოს კლინიკებში მკურნალობენ.

“გავკიცხო ადამიანები, რომლებიც სამკურნალოდ საქართველოში გადიან, მე, როგორც ექიმს, არც იურიდიული და არც მორალური უფლება არ მაქვს. თუმცა სამედიცინო პოლისი საშუალებას იძლევა, ყრუდ ჩაკეტო საზღვარი, რადგანაც საშუალებას მივცემთ ადამიანებს, ადგილზევე ან რუსეთის ნებისმიერ კლინიკაში იმკურნალონ”, – განაცხადა გოოვმა დღეს, 29 მარტს, სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ცნობითვე, აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის შესახებ რუსულ მხარესთან შეთანხმებას ხელი მალე მოეწერება. სამედიცინო პოლისებით მოქალაქეებს რუსული კომპანიები,”როსგოსსტრახი” და “ალფასტრახოვანიე” უზრუნველყოფენ.

ოფიციალური ცნობითვე, პოლისი 189 ათას მოქალაქეზე გაიცემა, და 14 წლამდე ბავშვებზე არ გავრცელდება.

ქართული მხარისა და კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთიდან იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც სამკურნალოდ თბილისში ჩამოდიან, მზარდია – განსაკუთრებით, იზრდება ბავშვი პაციენტების რაოდენობა. ნეტგაზეთისთვის მოწოდებული ოფიციალური მონაცემების შესაბამისად, მაგალითად, თუ 2014 წელს თბილისში სამკურნალოდ 450 ეთნიკური აფხაზი ჩამოვიდა, 2015 წელს – 550, და მხოლოდ 2016 წლის მაისის ჩათვლით პაციენტების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

სოხუმი, აფხაზეთი, 2017, ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

სოხუმი, აფხაზეთი, 2017, ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი