ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამედიცინო დახმარება გაუხმაურებლობის დათქმით აფხაზი პაციენტებისთვის

29 მაისი, 2015 •
სამედიცინო დახმარება გაუხმაურებლობის დათქმით აფხაზი პაციენტებისთვის

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთიდან მწვავე ლიმფოიდური ლეიკემიის დიაგნოზით თბილისის იაშვილის სახელობის კლინიკაში 13 წლის გოგონა გადმოიყვანეს. პაციენტის მკურნალობისთვის საჭირო პირველი რეზუს-უარყოფითი ჯგუფის სისხლი, რომელიც მკურნალი ექიმის, გია მესხიშვილის განმარტებით, იშვიათია, ათეულობით მოქალაქემ გასცა.

 

27 მაისს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს სთხოვდა, რომ “ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილ ბავშვს” სასწრაფოდ სჭირდება აღნიშნული ჯგუფის სისხლი.

 

“ზოგადად, არ ვამბობთ ხოლმე, რომ ესა თუ ის პაციენტი ოკუპირებული ტერიტორიიდანაა, გვეშინია, აფხაზეთში პრობლემები არ შეექმნათ. თუმცა ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ვერ ვშოულობდით ამ ჯგუფის სისხლს, ამიტომ დავწერეთ ეს ნიუანსიც”, – ამბობს თამარ კობიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

 

13 წლის გოგონას აფხაზეთიდან თბილისის კლინიკაში თან ოჯახის წევრებიც ახლავს. მედიასთან კომუნიკაციას, როგორც სხვა პაციენტები აფხაზეთიდან, ისინიც გაურბიან. პასუხი ყველას ერთი აქვს – “აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ იქნება უამრავი კითხვა არა მხოლოდ სახელისუფლებო უწყებებიდან”.

 

ექიმი გია მესხიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ამჟამად აფხაზეთიდან იაშვილის ონკოჰემატოლოგიის განყოფილებაში კიდევ რამდენიმე არასწრულწლოვანი პაციენტი მკურნალობს.

 

საქართველოს ხელისუფლების პოზიციის მიუხედავად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულ პაციენტთა შესახებ ინფორმაცია, მათივე უსაფრთხოების მიზნით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არ გაასაჯაროვდეს, ნეტგაზეთმა აფხაზეთიდან ჩამოსული პაციენტების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსგან ოფიციალური, ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკური ინფორმაცია გამოითხოვა.

 

როგორც ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, მხოლოდ ე.წ. ვერტიკალური სახელმწიფო პროგრამის [მაგალითად, „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“; „ტუბერკულოზის მართვა”; „აივ-ინფექცია/შიდსის“ სახელმწიფო პროგრამა” და სხვა] ფარგლებში, 2012 წლიდან 2015 წლის მაისამდე 43 ათასამდე აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანს გაუწიეს სამედიცინო მომსახურება.


 

ამავე პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთში მცხოვრებთათვის, მხოლოდ 2014 წელს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

 

ე.წ. ვერტიკალური სახელმწიფო პროგრამის გარდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის მკურნალობა “რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებშიც ხორციელდება. ოფიციალური მონაცემებითვე, 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, 4 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.


 

ამ პროგრამის ფარგლებში მომსახურებას პაციენტები აფხაზეთიდან, როგორც უშუალოდ აფხაზეთში, ასევე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე იღებენ.

 

კონკრეტულად აფხაზეთში სამედიცინო მომსახურება გალის სამედიცინო დაწესებულებებში – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში ხორციელდება. სწორედ გალის საავადმყოფოა პასუხისმგებელი, აფხაზეთიდან, მათ შორის სოხუმიდან მძიმე პაციენტების თბილისში გადმოყვანაზე. 


აფხაზეთიდან პაციენტები თბილისში სამკურნალოდ ძირითადად გადაუდებელი, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების დროს ჩამოდიან.

 

“გალის სამედიცინო დაწესებულებებში ძალიან მწირი სამედიცინო აღჭურვილობაა და არ არსებობს ადეკვატური სერვისის გაცემის რესურსი. შესანიშნავი ქირურგები გვყავს, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ არის. მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის შესაძლებლობა არსებობს”, – ამბობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

 

იმის მიუხედავად, რომ გალის საავადმყოფო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პატრონაჟის ქვეშაა, მედპერსონალზე ზედამხედველობას არაოფიციალურად აფხაზეთის ჯანდაცვის უწყება ახორციელებს.

 

“2008 წლის ომის მერე ბევრი რამ შეიცვალა. ფაქტობრივად ყველანაირი კომუნიკაცია შეწყდა ჩვენ შორის. გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმები გახდნენ ე.წ. ნევიეზდნიე. არ აქვთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება. აკრძალული აქვთ კომუნიკაციაც. შეიძლება ითქვას, კუდში დაყვებიან და მათ თითოეულ ნაბიჯს აკონტოროლებენ”, – ამბობს ბაკარაძე.

 

მისივე თქმით, იმის გამო, რომ სპეციალური ნებართვების, ე.წ. პროპუსკების არქონის გამო პაციენტებს ენგურის გამშვები პუნქტით არ შეუძლიათ სარგებლობა, მოსახლეობა სხვადასხვა შემოვლით გზას იყენებს. თუმცა, ე.წ. პროპუსკის არსებობის შემთხვევაშიც, როგორც ბაკარაძე ამბობს, ყველას არ უშვებენ თბილისში.

 

აღნიშნული ნებართვის მისაღებად აფხაზეთის ოფიციალურ სტრუქტურებში მოსახლეობის ნაწილს რთული და ხანგრძლივი პროცედურების გავლა უწევს.

 

მინისტრის ინფორმაციით, ყველაზე ადვილად ნებართვებს ეთნიკური აფხაზებისთვის გასცემენ.

 

ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს, რომ სამედიცნო დახმარების მიმღებთა შორის დიდი ნაწილი ეთნიკურად აფხაზია.

 

“ამას წინათ აფხაზი პაციენტი გვყავდა, რომელიც არის იქაური ადმინისტრაციის ოჯახის წევრი. თბილისში ყოფნის თვენახევრის განმავლობაში რამდენიმეეტაპიანი კვლევები ჩაუტარდა. როგორც კი რამე შეყოვნება ხდებოდა აქ ჩვენი მხრიდან, გალის საავადმყოფოს მედპერსონალის მიმართ ადგილზევე იყო მუქარები და ზეწოლა. არის შემთხვევები, როდესაც ქართულ მხარეს ავალდებულებენ კიდეც, მიიღონ ყველანაირად ხარისხიანი მომსახურება. საბედნიეროდ, უფრო ხშირად მადლიერებას ვხედავთ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან”, – ამბობს ქეთევან ბაკარაძე.  

 

ეთნიკურად აფხაზი პაციენტების პარალელურად, შემცირებულია ეთნიკური ქართველების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა.

 

“აფხაზეთში, რეანიმაციაში, ტრავმებით 18 წლის პაციენტი გვყავდა, ქართულმა მხარემ შესვლასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოაცხადა. საპასუხოდ ვითხოვდით უსაფრთხოებას, რომელიც საბოლოოდ მაინც ვერ მივიღეთ. მერე ვირტუალური ტელეხიდი შევთავაზეთ, რაზეც ასევე უარი მივიღეთ. ერთი სიტყვით, არ მოგვცეს დახმარების გაწევის არანაირი საშუალება. პაციენტი გარდაიცვალა”, – ამბობს მინისტრი.

 

ბოლო მსგავსი ფაქტი, როდესაც გალში მცხოვრებ არასრულწოვან პაციენტს საშუალება არ მისცეს თბილისში სამკურნალოდ გადმოსულიყო, მიმდინარე თვეში მოხდა. ეს შემთხვევაც პაციენტის დაღუპვით დასრულდა.

 

ნეტგაზეთს სოხუმში მცხოვრებმა რამდენიმე აფხაზმა განუცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ფაქტობრივად წარმოუდგენელია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება.

 

იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთის სახელისუფლებო წარმომადგენლები, მათ შორის მედიასაშუალებებით, ხშირად აცხადებენ, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სფერო რთულ მდგომაროებაშია, რომ არსებობს თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რომ ადამიანები აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ იღებენ ხარისხიან ჯანდაცვას, ოფიციალური თბილისის მიერ გაწეული დახმარების შესახებ ღიად არც სახელისუფლებო პირები და არც მედია საუბრობენ.

 

“არის შემთხვევები, როდესაც სოჭში მიდიან აფხაზები სამკურნალოდ. მაგრამ, როგორც ვიცით, საქართველოში უფასოა ჩვენთვის მკურნალობა. მაგ მხრივ, ხალხს, რა თქმა უნდა, მანდ ჩამოსვლა ურჩევნია, დეიდაჩემიც მკურნალობდა თქვენთან რამდენიმე წლის წინ”, – ამბობს ნეტგაზეთის რესპონდენტი სოხუმიდან.

 

“საავადმყოფოებში ვიზიტების დროს ვნახე ზოგადი სურათი, არადამაიმედებელი. წესრიგი დაამყარეთ ამ დაწესებულებებში. მთავარ ექიმებთან, რომლებიც ვერ ართმევენ თავს ამოცანებს, შესაძლებელია, სამუშაო კონტრაქტები შეწყდეს”, – ასეთი კომენტარი გააკეთა საავადმყოფოებში ვიზიტის დროს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანზორ გოოვმა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მინისტრი ზურაბ მარშანი შეცვალა.

 

აფხაზეთში ზურაბ მარშანს ზოგჯერ ქართულ მხარესთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაშიც დებდნენ ბრალს. სწორედ მისი მინისტრობის დროს აჩუქა თბილისმა სოხუმს ორი ძვირადღირებული რეანიმობილი, თუმცა, არც ამ ფაქტის შესახებ დაწერილა რამე აფხაზეთის პრესაში.

 

“მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, აფხაზეთი რუსეთისგან 2015 წელს ჯანდაცვის სფეროსთვის 700 მილიონ რუბლს [13 მილიონ აშშ დოლარზე მეტი] ელოდება. აღნიშნული ფულით, როგორც აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, კონკურსებისა და ტენდერების საფუძველზე 2015 წელს ონკოლოგიური, ტუბერკულოზისა და რესპუბლიკური საავადმყოფებოების აღჭურვილობის შესყიდვა მოხდება.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


მასალების გადაბეჭდვის წესი