ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი პაციენტის მადლობა

23 ივნისი, 2016 • 3521
აფხაზი პაციენტის მადლობა

თბილისში აფხაზი პაციენტების მოძებნა რთული არ არის, თუმცა ისინი, ვინც მედიასთან ამის შესახებ ღიად ისაუბრებენ, ძალიან ცოტანი არიან. მათ შორისაა გალინა კაპბა, რომელსაც 18 ივნისს თბილისში რთული ოპერაცია ჩაუტარეს თავის ქალაზე.

54 წლის გალინა კაპბა თბილისში ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე სოხუმიდან დასთან ერთად ჩამოვიდა.

ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თბილისში ოპერაციის ჩატარებაზე იქაურმა სამედიცინო პერსონალმა მიაღებინა.

“ბოლო პერიოდში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა – სიარული აღარ შემეძლო. სოხუმში ჩემს ექიმთან მივედი. ტომოგრაფია გამიკეთეს და შედეგი არ მოეწონათ. მაშინ ზუსტი დიაგნოზი ვერ გავიგე, თუმცა სამედიცინო პერსონალის საუბრებს მოვკარი ყური, რომ თითქოს სიმსივნე მაქვს.

დასაკარგი დრო აღარ იყო. კონსულტაციებზე ჯანდაცვის მინისტრსაც კი შევხვდით. იმის მიუხედავად, რომ მოსკოვში სამკურნალოდ აფხაზეთის ბიუჯეტიდან ფულს გამოგვიყოფდნენ, საბუთების შეგროვება და ყველა ბიუროკრატიული მომენტი დიდ დროს წაიღებდა. ერთხანს ისიც ვიფიქრე, რაც მომივა- მომივა, არსად წამსვლელი არ ვარ. მაგრამ საბოლოოდ თბილისში ჩამოსვლა გვირჩიეს. სად მოსკოვი და სად 4 საათის გზა”, – ამბობს პაციენტი.

13 ივნისს ენგურის ხიდიდან თბილისში თოდუას კლინიკამდე კაპბა სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებით ჩამოიყვანეს.

პაციენტის და, ვალენტინა კაპბა ამბობს, რომ თოდუას კლინიკაში გამოკვლევებზე მისულებს აფხაზი პაციენტები დახვდნენ:

“ყოველთვის ვიცოდით, რომ ბევრი დადიოდა თბილისში სამკურნალოდ და ყველა კმაყოფილი ბრუნდებოდა. მაგრამ კლინიკის დერეფანში ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა – ძალიან ბევრს აფხაზეთის მაგნიტურ რეზონანსული კვლევების შედეგები ეკავა ხელში. სწორედ ამით მივხვდი, რომ ყველა აფხაზი იყო. ჩვენც გვყავს ძლიერი ექიმები, მაგრამ შესაბამისი აპარტურა არ გვაქვს. ასეთ ოპერაციებს იქ ვერ ჩაატარებდნენ”.

თოდუას კლინიკაში გაკეთებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტს არა სიმსივნე, არამედ ჰიდროცეფალიის გარკვეული სახეობა ჰქონდა და თავზე სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა.

შესაბამისი ქირურგი ინგოროყვას კლინიკაში [მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა] მოიძებნა. პაციენტს რამდენიმესაათიანი რთული ოპერაცია 18 ივნისს ამავე კლინიკაში გაუკეთეს, სადაც მას შევხვდით.

გალინა კაპბა; თბილისი, 2016 ; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

გალინა კაპბა; თბილისი, 2016 ; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

ოპერაციიდან რამდენიმე დღეა გასული. პაციენტი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა აფხაზეთში დაბრუნდებამდე განმეორებითი კვლევები ისევ ექნება ჩასატარებელი.

“კარგ პირობებში ვარ, შესანიშნავი პერსონალი, სამჯერადი კვება. ოქროს ხალხი ყოფილა აქ. ყველას მხრიდან ისეთ სითბოს ვგრძნობთ. ასეთი არაფერი მინახავს. გაოგნებული ვარ კეთილგანწყობით, სპეციალისტების პროფესიონალიზმით. ჩემი ქირურგი ისეთი ახალგაზრდა ბიჭია და უკვე ასეთ რთულ ოპერაციებს აკეთებს. მადლიერებით ვარ სავსე ყველა ამ ადამიანის მიმართ, ვინც დაგვეხმარა. პირველ რიგში თქვენი მინისტრის [აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი], ქეთევან ბაკარაძის მიმართ. ასეა, დახმარების გარეშე აფხაზეთს ძალიან გაუჭირდებოდა. აქედან საქართველო გვეხმარება მკურნალობის კუთხით, იქით – რუსეთი ფინანსურად”.

დებს პოლიტიკურ საკითხებზე და ქართულ-აფხაზურ მომავალზე საუბარი არ სურთ:

“პოლიტიკაში არ ვერევი, რა საჭიროა. ადამიანურ დონეზე ჩვენ შორის ყველაფერი კარგად არის. თბილისში პირველად ვარ და ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემს სახლში მოვედი, ნათესავები დაგვხვდნენ და თითქოს, უკან დაბრუნებაც აღარ მინდა”, – ამბობს პაციენტის და, რომელიც სპეციალურად აფხაზეთიდან ჩამოსული პაციენტების ახლობლებისთვის გახნილ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობს და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობით უზრუნველყოფილია.

აფხაზი პაციენტის დის მადლობის წერილი ქართველ სამედიცინო პერსონალს; თბილისი, 2016; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

აფხაზი პაციენტის დის მადლობის წერილი ქართველ სამედიცინო პერსონალს; თბილისი, 2016; ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთიდან იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც სამკურნალოდ თბილისში ჩამოდიან, მზარდია. ოფიციალური მონაცემების შესაბამისად, მაგალითად, თუ 2014 წელს თბილისში სამკურნალოდ 450 ეთნიკური აფხაზი ჩამოვიდა, 2015 წელს – 550, და მხოლოდ 2016 წლის მაისის ჩათვლით პაციენტების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი