პაატა ლეჟავას თქმით, მამუკა შარაშენიძის ჩვენების მიხედვით, მას ბიზნესმენისთვის ხელი არ დაურტყამს:
„ეს პიროვნება თვითონ წერს თავის ჩვენებაში, რომ მთვრალი მივიდა „ნაციონალების“ ოფისში, აგინებდა „ნაციონალებსა“ და იქ მყოფ საზოგადოებას. ეს არის მინიმუმ ხულიგნობა. ვთვლი, რომ ჩემს მიმართ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი.“
ბიზნესმენის ცემის საქმეში დეპუტატის ბიძაშვილი მამუკა ლეჟავა და ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით კაკაბაძე ფიგურირებენ. აღნიშნული პირების წინააღმდეგ გამოძიება უკვე მიმდინარეობს. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე მამუკა ლეჟავას და დავით კაკაბაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ გირაო შეუფარდა.
ვანის საკრებულოს თავმჯდომარე დავით კაკაბაძე 8 დეკემბერს ქუთაისის პროკურატურაში დაიბარეს. მას 23 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს ბრალი.
„დადგენილია, რომ 2012 წლის 23 სექტემბერს, ციხის სკანდალური ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, ვანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოქალაქე მამუკა შარაშენიძემ გამოხატა პროტესტი მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა ვანის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისათვის. იმავე დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე მამუკა შარაშენიძე მიიყვანეს ნაციონალური მოძრაობის ვანის შტაბში, სადაც მას დახვდა ვანის საკრებულოს თავმჯდომარე დავით კაკაბაძე ათამდე პირთან ერთად. მათ მამუკა შარაშენიძეს გამოხატული პოზიციის გამო დაუწყეს ცემა“, – განაცხადა პროკურორმა ილია ჯალაღონიამ.
დავით კაკაბაძეს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. ასევე ბრალი წარედგინა ამავე კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.