ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისიის წევრები ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

28 მარტი, 2017 •
საკონსტიტუციო კომისიის წევრები ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

დღეს, 28 მარტს პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

საკონსტიტუციო კომისიის წევრების განცხადებით, შეხვედრაზე კომისიის მუშაობის პროცესზე და განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.

“ძირითადად ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემაზე, გაუნაწილებელი მანდატების თემაზე დაისვა კითხვები. ზოგადად, უფრო მეტად აინტერესებდათ კომისიის მუშაობის პროცესი. საკონსტიტუციო  კომისიის მუშაობის პროცესი არის მაქსიმალურად  გამჭვირვალე და ჩართულობითი. მომართული ვართ, რომ მაქსიმალურად დაახლოვდეს პოზიციები და კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ” – ამბობს თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

განსხვავებული ვერსიის შესახებ საუბრობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე. მისი თქმით, ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ გაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას პრობლემებს შეუქმნის:

“ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ თუ საქართველო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა და გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიეკუთვნება, ეს დააბრკოლებს კოალიციების შექმნას და პოლიტიკურ სპექტრში პოლარიზაციას შეინარჩუნებს.  აღნიშნეს, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ასეთი მანდატები ბარიერგადალახულ პარტიებს შორის ნაწილდება. მათი მოსაზრებაა, ჩვენც იგივე წესი გვქონდეს.”

კახიძის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შესახებ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოში ძალაუფლება არაფორმალური მმართველის ხელშია კონცენტრირებული:

“ამ ფონზე ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევა არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რასაც არც ჩვენ და არც არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს არ ვუჭერთ. ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები კითხვებს გვისვამდნენ და პასუხებს იღებდნენ.”

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა 21 იანვარს გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან.  საკონსიტუციო კომისიამ უნდა მოამზადოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც განხილვების შემდეგ, საბოლოოდ, პარლამენტი საკონსტიტუციო უმრავლესობით დაამტკიცებს.

კომისია, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო სისტემის შეცვლაზეც მუშაობს. საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა მიეკუთვნოს, კომისიის დამოუკიდებელი წევრი ვახუშტი მენაბდე კი ამბობს, რომ ეს იდეალური მოდელი არ არის.   დღეს მოქმედი წესის მიხედვით, ასეთი მანდატები იმ სუბიექტებზე ნაწილდება, რომლებმაც 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი