ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძის აზრით, გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა მიეკუთვნოს

2 მარტი, 2017 • 4145
არჩილ თალაკვაძის აზრით, გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას უნდა მიეკუთვნოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ გაუნაწილებელი საპარლამენტო  მანდატები პირველ  ადგილზე გასულ პარტიას უნდა მიეკუთვნოს. დღეს მოქმედი წესით,   გაუნაწილებელი მანდატები იმ სუბიექტებზე ნაწილდება, რომლებმაც 6 ან მეტი მანდატი მიიღეს.

ეს განცხადებები თალაკვაძემ  საკონსტიტუციო კომისიის სხდომის შესვენებაზე გააკეთა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში ახლა მიმდინარეობს.

“არჩევნების და მმართველობითი სისტემის მიზანი არ არის  მათემატიკური სიზუსტით მანდატების გადანაწილება მხოლოდ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ და ქვეყანამ მიიღოს ეფექტური და სტაბილური პოლიტიკური სისტემა, სტაბილური მმართველობა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულ ძალას პოლიტიკური პროგრამის ეფექტურად და დროულად განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს არის ამ მოდელის ძირითადი უპირატესობა,”  – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

მისივე თქმით, გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე მყოფი პარტიისთვის მიკუთვნება არის თანამედროვე საარჩევნო სისტემების საუკეთესო პრაქტიკა ევროპის არაერთ ქვეყანაში:

“სწორედ ამიტომ განიხილავს ამ მოდელს საკონსტიტუციო კომისია. ამ მექანიზმის არსი ის არის, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური და მმართველობითი თვალსაზრისით სტაბილურობა იყოს. ეს არის ევროპაში აპრობირებული პრაქტიკის გაუმჯობესებული ვერსია. ასეთი მოდელი აქვს იტალიას, საბერძნეთს. ველით, რომ საკონსტიტუციო კომისია საუკეთესო საარჩევნო მოდელზე შეთანხმდება. მოდელზე, რომელიც ეფუძნება წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას და სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან და იმ რეალობასთან, რომელიც გვაქვს და მომავალშიც უნდა გვქონდეს საქართველოში.”

საპარლამნეტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ულტიმატუმის ენით ლაპარაკობს. მისი აზრით, ხელისუფლება პირდაპირ ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მას უნდა ჰქონდეს მთავრობის დაკომპლექტების საშუალება.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტი.

თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები, პირველ რიგში, მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად დაემატება რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ.

ამის შემდეგ, კიდევ თუ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი