ახალი ამბები

მენაბდე: გაუნაწილებელი მანდატების I ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება იდეალური მოდელი არ არის

2 მარტი, 2017 • 3606
მენაბდე: გაუნაწილებელი მანდატების I ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება იდეალური მოდელი არ არის

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ გაუნაწილებელი მანდატების  არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება იდეალური მოდელი არ არის.

ეს განცხადება ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებთან დღევანდელი სხდომის შემდეგ გააკეთა, რომელზეც პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე და საარჩევნო სისტემაზე მსჯელობენ. პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა  დღეს, მთელი დღის განმავლობაში  მიმდინარეობს.

“ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების” შემოთავაზებული სისტემით ძალიან ბევრი მანდატი გროვდება და შემდეგ ეს მანდატები გადაეცემა პირველ ადგილზე გასულ პარტიას, რაც იდელაური მოდელი არ არის. შეიძლება ეს შევარბილოთ. დათვლის წესი შევცვალოთ, რათა ნაკლები მანდატი დარჩეს გაუნაწილებელი და ამ მანდატების განაწილების წესზე ვიმსჯელოთ,” – ამბობს ვახუშტი მენაბდე.

მენაბდის აზრით,  ყველაზე კარგი ვარიანტია გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად განაწილება საარჩევნო სუბიექტებზე. მისივე თქმით, 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი უნდა შემცირდეს:

“5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი შესამცირებელია. ეს ბარიერი ძლიერ პარტიას საკმაოდ კარგ შესაძლებლობას აძლევს, რომ მთავრობა დააკომპლექტოს. გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად განაწილება გულისხმობს იმას, რომ პარტიას, რომელმაც ხმების ნახევარი აიღო,  გაუნაწილებელი მანდატების ნახევარი მიიღოს და ა.შ. ”


 

ამჟამად მოქმედი მოდელი

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტი.

თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად დაემატება რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ.

ამის შემდეგ, კიდევ თუ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით განაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.

მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ხმების 48,68% მიიღო,  “ნაციონალურმა მოძრაობამ”  – 27,11%, ხოლო “პატრიოტთა ალიანსმა” – 5,01%.   ამ შედეგების მიხედვით, მმართველ გუნდს 37 მანდატი ეკუთვნოდა,  ენმ-ს -20, პატრიოტთა ალიანსს კი პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საჭირო 6 მანდატი ერგო. ეს, ჯამში, 63 მანდატია, პროპორციული წესით კი, 77 დეპუტატი ირჩევა. შესაბამისად, დარჩენილი 14 მანდატიდან 7-7 ერგოთ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი