დღეს ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები წარადგინა. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს – 63% პროცენტი კოალიცია “ქართულ ოცნებას” ასახელებს, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოკითხულთა 10 პროცენტის შეხედულებებთან დგას ახლოს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ისინი ენდობიან კვლევის შედეგებს:
“პოსტსაარჩევნო პერიოდში ყოველთვის უფრო მეტია სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერა, ვიდრე ეს არის არჩევნებს შორის შუალედში. თუმცა მე ნამდვილად არ მინდა თავი მოვიტყუო. განსხვავებით წინა ოპოზიციისგან, რომელიც რეგულარულად აცხადებდა, რომ არ ენდობოდა ასეთ კვლევებს, ჩვენ ამ კვლევას ვენდობით, თავი არ უნდა მოვიტყუოთ და სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. დღეს დღევანდელ ხელისუფლებას, დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ არ ვენდოთ NDI-ის კვლევას და მონაცემებს, ეს არის პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე განცხადება, ამიტომ მე ნამდვილად არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ რაღაც ტყულია, ან რაღაცას არ ვეთანხმებით.”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, ის სიხარულით და ერთგვარი შიშით უყურებს ამ ციფრებს:
“ძალიან მაღალი პასუხისმგებლობაა ჩვენი პოლიტიკური კოალიციისთვის. ძალიან მაღალია ნდობის რეიტინგი, ბატონი პრემიერის რეიტინგია ძალიან მაღალი. ვფიქრობ, რომ ამ დიდ ნდობას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან, ამიტომ სიხარულითაც და ერთგვარი შიშითაც ვუყურებ მე ამ ციფრებს.”
კითხვაზე, როცა “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ უნდობლობას უცხადებდა NDI-ის კვლევებს, რატომ ენდობიან ახლა – ძიძიგური პასუხობს:
“ვუცხადებდით უნდობლობას იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ როდესაც ხალხი იყო ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, შეუძლებელია კვლევამ ზუსტი ციფრები გაჩვენოს. ეს ერთი, მეორე კიდევ, სოციალური ველის გაკონტროლების სრული შესაძლებელი ჰქონდა მაშინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამიტომ აქაც არავისთვის საიდუმლო არ არის დღეს მაინც, რომ ამის გამო კვლევების ციფრები ზარალდებოდა და უკეთესი იყო ხელისუფლების სასარგებლოდ. თუმცა უნდა გითხრათ, რომ როცა “ქართული ოცნება” ოპოზიციაში იყო, მაშინაც მაღალი რეიტინგი ჰქონდა, იმდენად მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რომ ხელისუფლება შეშინებული როგორც იქცეოდა, სწორედ ამის გამო იქცეოდა.”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის თქმით, კვლევის შედეგები გასაკვირი არ არის:
“ძალიან კარგია და ეს არც არის გასაკვირი. წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნება” ეს არ იყო რაღაც მხოლოდ პარტიული, ეს იყო მთელი მოძრაობა საერთო- სახალხო, მე ვიტყოდი, სწორედ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ხელისუფლება, შეცვლილიყო ის რეალობა, რაც იყო და ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ის ე.წ. პერიოდი, როდესაც არჩევნების მერე მას საზოგადოება აძლევს დროს იმისთვის, რომ თავისი რეფორმები დაიწყონ და შესაბამისი შედეგები დადონ.”
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” ზოგადად საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობა აქვთ და ამას ყოველთვის აფიქსირებდნენ:
“უნდობლობაზე არ იყო. აქ იყო საუბარი იმაზე, ის ველი, სადაც ხდებოდა გამოკითხვების წარმოება, ჩვენ ამ შენიშვნებს გამოვთქვამდით, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში გარკვეული კორექტივები შეტანილიც იქნა. ზოგადად ჩვენ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობა ნამდვილად გვაქვს და ამას ყოველთვის ვაფიქსირებდით.სხვა თემებზე იყო აქ აქცენტები გაკეთებული. მიმაჩნია, რომ ასახავს რეალობას, რაც არის.”
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, კოალიცია”ქართულ ოცნებას” 2012 წლის აგვისტოს კვლევაში ჰქონდა მხარდაჭერა 14%, ივნისის თვეში ჰქონდა 20%, ხოლო თებერვლის თვეში – 11%. “ნაციონალურ მოძრაობას” კი 2012 წლის აგვისტოს კვლევაში 38% ჰქონდა, ივნისში- 34 %, ხოლო თებერვალში – 41 პროცენტი.