საპარლამენტო უმცირესობის შენიშვნები “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატან ცვლიელბებს ეხებოდა. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებით სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის და ავტონომიურობის პრინციპი ირღვევა:
“ჩვენ ვეწინააღმდეგებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას, განსაკუთრებით მოსამართლეთა კონტიგენტის, იმდენად, რამდენადაც ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ირღვევა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის და ავტონომიურობის პრინციპი. გარდა ამისა, მოსამართლეთა შემთხვევაში ეს სამოსამართლო საქმიანობის უფლებამოსილების ნაწილია, რომ კონსტიტუცია კრძალავს რაიმე გარე ზემოქმედებას სამოსამართლო უფლებამოსილებაზე. მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა გაითვალისწინოს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაცია, რომ ამ კანონპროექტის განხილვა არ მოხდეს მანამ, სანამ ვენეციის კომისიის ექსპერტების დასკვნა არ დაიდება საერთაშორისო სტანდარტებთან ამ კანონპროექტების შესაბამისობის თაობაზე”.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები პროგრესულია:
“კანონპროექტი არის ძალიან პროგრესული და ის მაქსიმალურად უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლს იმ პირობით, რომ მაქსიმალურად იქნეს შენარჩუნებული მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობის ხარისხი. როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არ დანიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ კანონპროექტი გვთავაზობს, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩიოს ის მოსამართლე წევრები იუსტიციის საბჭოში, რა თქმა უნდა, აქ უფრო მეტია, მეტი დემოკრატიულია პრინციპი, თუ რომელი მოსამართლეები მოხვდებიან იუსტიციის საბჭოში. მოხვდებიან ისინი, რომელთაც ნდობას უცხადებს ზოგადად სასამართლო კორპუსი და არა ირჩევს ერთპიროვნულად უზენაესის თავმჯდომარე. ასევე პროგრესულად მიმაჩნია ის, რომ ამ კანონპროექტით პარლამენტის წევრები ვერ გახდებიან იუსტიციის საბჭოს წევრები.”
იურიდულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს 14 საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა 12 საათზე დანიშნული ბიუროს სხდომის გამო ყველა მათგანზე მსჯელობა ვერ მოასწრეს. დღეს ასევე პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
